გასულ კვირას დემნა გვასალიამ  Apple Music – თან თანამშრომლობა დაანონსა. BALENCIAGA – ს ფლეილისტების სერია ბალენსიაგას შერჩეული არტისტების მიერ იქნება შედგენილი. პირველი ფლეილისტი თავად დემნას ეკუთვნის. ის ქართველი დიზაინერის საყვარელ კომპოზიციებს აერთიანებს.

ფლეილისტის სახელია: „გამარჯობა, ჩემი სახელია დემნა“.

ფლეილისტი, რომელიც დემნამ თავად შეარჩია 181 სიმღერას აერთიანებს. როგორც გვასალია აღნიშნავს, ეს თავისი ჩვეულებრივი დღის საუნდტრეკია“. Demna’s Playlist დემნას მეორე ნახევრის, ფრანგი მუსიკოსის, ლოიკ გომეზის კომპოზიციით იწყება და ნიაზ დიასამიძის & 33ა – ს „ფანდურით“ სრულდება.

გვასალიას ფლეილისტი ისეთი ეკლექტური, ირონიული, მრავალფეროვანი და ნოსტალგიურია, როგორსაც მისნაირი პიროვნებისგან ველით. ეს შესაძლოა იყოს ერთადერთი Playlist, სადაც რამშტაინს, მერილინ მენსონს, ნიაზ დიასამიძეს, კანიე ვესტს, Punish Yourself – ს, Muse – ს, ნინა სიმონეს, ალა პუგაჩოვას, The Sister of Mercy – ს, Radiohead – ს და ემი უაინჰაუსს ერთად ნახავთ.

თავისი ფლეილისტისთვის დემნამ ჰუდების და მაისურების მინი-კოლექცია შექმნა, რომლებზეც ფლეილისტის სახელს: Hello, My Name Is Demna – ს ვკითხულობთ. მაისურების შეძენა ბალენსიაგას ოფიციალურ საიტზე უკვე შესაძლებელია: Balenciaga.com , Balenciaga x Apple Music გრძელმკლავიანი მაისური 545 ევრო ღირს, მოკლემკლავიანი – 495, ხოლო ჰუდი – 765 ევრო.

„პირველ რელიზს ჩემი საყვარელი მუსიკოსების, ბენდების და პიროვნებების ფლეილისტები მოჰყვება, რომელთა საშუალებითაც თავიანთ პერსონალურ გემოვნებას და გავლენებს წარმოაჩენენ“ – ამბობს დემნა ამერიკულ ვოგთან ინტერვიუში, თუმცა სანამ მომდევნო ფლეილისტებს მოვისმენთ, იხილეთ პირველი Hello, My Name Is Demna, ლინკი: Demna’s Playlist.