“დემეტრა” – ასე ეწოდება ახალ ეკო-მეგობრულ მასალას, რომლის შექმნაზეც Gucci ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. სახელი ბერძნული მითოლოგიიდან მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების მფარველ ღვთაებას მიემართება.
მოდის ინდუსტრია მდგრადი ალტერნატივების ძიების პროცესშია. სტელა მაკარტნის და ერმესის მოდის სახლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ თავიანთ პროდუქტებში მიცელიუმზე დაფუძნებული ტყავის შემცვლელ მდგრად მასალას გამოიყენებენ, გუჩის მიერ გავრცელებული ეს სიახლე დროული და მოსალოდნელია. “დემეტრა” 77% მცენარეებზე დაფუძნებულ ნედლ მასალას მოიცავს და შექმნილია როგორც გარემოსთვის არასაზიანო გზებით მოპოვებული ხის რბილობითა და ვისკოზით, ასევე ცოცხალი ორგანიზმებისგან მიღებული პოლიურეთანით. გამძლეობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, მასში კვლავ გამოიყენება სინთეტიკური კომპონენტები. თუმცა, როგორც ბრენდში ამბობენ, სამომავლოდ ამ ელემენტების უფრო მდგრადი ალტერნატივებით ჩანაცვლებაზე აქტიურად მუშაობენ.
“დემეტრას” გამოყენებით გუჩის მოდის სახლმა სამი სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა: “The Basket,” “New Ace” და “Rhyton,” რომლებშიც ინოვაციურ მასალასთან ერთად ასევე გამოყენებულია ორგანული ბამბა, გადამუშავებული ფოლადი და პოლიესტერი. სნიქერების ფასები €590-დან €790-მდე მერყეობს, მსგავსად ბუნებრივი ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელებისა.
ახალი მასალა იტალიაში მდებარე გუჩის ქარხანაში თრიმვლის იმავე პროცესს გადის, რასაც ბუნებრივი ტყავი, რაც მისი ხარისხის და ყველა იმ მნიშვნელოვანი მახასიათებლების შენარჩუნების გარანტიას იძლევა, რაც უმაღლესი ხარისხის ტყავს ახასიათებს.
აღსანიშნავია, რომ გუჩიში “დემეტრათი” ბუნებრივი ტყავის სრულად ჩანაცვლება არ იგეგმება. მაგრამ მომავალში მისი გამოყენებით ბრენდი თავის მომხმარებელს, რომელიც ვეგანურ ალტერნატივებს დაეძებს, ფეხსაცმლის გარდა სხვა პროდუქტებსაც შესთავაზებს, მათ შორის ჩანთებსა და ტანსაცმელს.
“Demetra ახალი კატეგორიის მასალაა, რომელიც გუჩის ხარისხისა და ესთეტიკის სტანდარტებს ჩვენს ინოვაციისკენ სწრაფვასთან, ტრადიციულ უნარ-ჩვევებთან და განვითარებადი მომავლის შესაქმნელად გამოყენებულ კომპეტენტურობასთან აერთიანებს,” – განაცხადა გუჩის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა Marco Bizzari-მ WWD-სთან საუბრისას. “დემეტრა ჩვენი ინდუსტრიისთვის ალტერნატიული არჩევანი და უფრო მდგრადი მასალაა, რომელიც ცხოველების თავისუფლების საჭიროებებსაც პასუხობს.”
თავდაპირველად, გუჩის დაპატენტებული “დემეტრას” გამოყენებას მოდის სახლის მფლობელ კომპანია ქერინგში შემავალი სხვა ბრენდებიც შეძლებენ, მთელი ინდუსტრიისთვის ხელმისაწვდომი კი 2022 წლიდან გახდება.