სეზონის ყველაზე დამაინტრიგებელი დებიუტი შედგა. ბრიტანელი დანიელ ლი ბოთეგა ვენეტას ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელია. დანიელი 5 წლის განმავლობაში სელინის სტუდიის ხელმძღვანელი იყო. ფიბი ფაილოს სკოლა მხოლოდ სივში ჩაწერილი სელინის 5 წლიანი სტაჟიდან არ ეტყობა. დღეს დანიელმა ბოთეგა ვენეტაში თავისი პირველი კოლექციის ჩვენება გამართა, რომელსაც დავარქმევდი ლის განაცხადს:

ბოთეგა ვენეტა არ არის მხოლოდ ძველი სელინი!

საინტერესო იყო მამაკაცის ხაზი. შეუძლებელია რიკ ოუენსის და ჰელმუტ ლენგის გავლენაზე თვალი დავხუჭოთ, მაგრამ იშვიათად მინახავს რიკ ოუენსი, თავად რიკის გარდა, ვინმეს კარგად გამოსდიოდეს. დანიელმა შეძლო.

შესამჩნევი იყო ტომ ფორდის გუჩიც. ბოთეგა ვენეტას დღევანდელ კოლექციაში მე-15 კაბა თავისუფლად შემიძლია ქეით მოსზე წარმოვიდგინო და დავიჯერო, რომ ტომ ფორდის გუჩის ერიდან არის.

Vogue.com

დანიელის პირველი კამპანიების შეფასებისას ყველაზე ხშირად ისმოდა: ‘სელინი #2!’ არასერიოზულად ჟღერს, მაგრამ შესაძლოა ბრიტანელმა ამიტომ გადაწყვიტა ამდენი დიზაინერის გაერთიანება. ბოთეგა ვენეტა შემოდგომა/ზამთარი 2019 კარგად შეფასდება, რადგან ბოლო დროს იშვიათია დებიუტი, რომელიც გაკვირვებას იწვევს. შესაძლოა დანიელის კოლექცია არ ყოფილა ემოციური, ან რევოლუციური, მაგრამ მოულოდნელობა სახეზეა. თუ გავითვალისწინებთ როგორი პროგნოზირებადი გახდა ყველა დებიუტი, მინიმალური გაკვირვებაც კმარა, რომ ვთქვათ, მოდის საერთაშორისო რუკაზე ახალი კარგი ბიჭი გვყავს.