28 მარტს ლოს ანჯელესში ოსკარების რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ბიონსეს მუსიკალური შესრულებით გაიხსნა. მან ფილმ “მეფე რიჩარდში” გამოყენებული მუსიკალური ნამუშევარი “Be Alive” შეასრულა, რომელიც ასევე ნომინირებული იყო ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟულ ჯილდოზე.
40 წლის ამერიკელ მომღერალს ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის ჩოგბურთის ბურთის ფერი მწვანე კოსტიუმი ეცვა. ბრიტანულ გამოცემა Evening Standard-თან ახალ ინტერვიუში, კომახიძემ ბიონსესთან და პოპ-კულტურის სხვა ცნობად სახეებთან თანამშრომლობაზე ილაპარაკა. „ძალიან დიდი პატივი იყო ბიონსესთან და მის დაუჯერებლად ნიჭიერ გუნდთან ამ საკულტო წარმოდგენაზე მუშაობა. ბიონსე პირველი ვარსკვლავია, რომელმაც მხარი დამიჭირა, ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც MTV-ის ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ჩემი კოლექცია ჩაიცვა. გასაოცარია, რომ მისი შემოქმედებითი სამყაროს ნაწილი ვარ,“ – აღნიშნავს კომახიძე.
ბიონსემ თავისი მუსიკალური ნომერი კალიფორნიაში, კომპტონის საჩოგბურთო კორტიდან შეასრულა, სწორედ იმ ადგილიდან, საიდანაც სპორტში დები უილიამსების ბრწყინვალე კარიერა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ “მეფე რიჩარდი” ჩოგბურთის ვარსკვლავი დების, სერენა და ვინუს უილიამსების, მამის ისტორიას გვიამბობს.
„სპორტის უდიდესი ფანი ვარ, განსაკუთრებით ჩოგბურთის. ყოველთვის ვცდილობ, რომ უიმბლდონს არ დავაკლდე. მამაჩემი ახალგაზრდობაში ფეხბურთელი იყო, მეც დავყავდი თამაშებზე. თუმცა ჩოგბურთი ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ამიტომ პირადად მე ძალიან მომეწონა ბიონსეს ოსკარის სეტი.“ – ამბობს ქართველი დიზაინერი ინტერვიუში.
ბიონსეს გარდა, David Koma-ს ბრენდის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა გაზრდილია შოუ-ბიზნესის და მოდის სხვა ვარსკვლავებშიც, მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ : დუა ლიპა, ოლივია როდრიგო, ჰეილი ბიბერი, არიანა გრანდე, ადელი.
“გულწრფელად რომ გითხრათ, იღბლიანი ვარ, რადგან კარიერის დასაწყისიდან შესანიშნავი ქალები მიჭერენ მხარს, პოლიტიკაში, მუსიკაში, ხელოვნების ინდუსტრიებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ძლიერი კოლექციების ჩვენებას, ვდებთ დიდ შრომას ჩვენს საქმეში და ეს კარგად გამოჩნდა რთულ პერიოდში.
ყველა ამ გოგონას, რომელიც თქვენ ახსენებთ, ახლა სურს გარეთ გასვლა და სადღესასწაულოდ გამოწყობა ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მათთვის იდეალური არჩევანი ვართ. ყოველთვის ზღაპრულია, როდესაც ერთ კვირაში, 10 დიდ ვარსკვლავს David Koma აცვია.”
-დავით კომახიძე.
კითხვაზე აისახება თუ ვარსკვლავების აქტიურობა გაყიდვებზე, კომახიძე პასუხობს: „რა თქმა უნდა, ბრენდი დიდ ხილვადობას იღებს და შემდეგ, ეს ისახება გაყიდვებშიც. მინი-კაბა, რომელიც ქენდალ ჯენერს ეცვა, სრულად გაიყიდა. შემდეგ იყო ჰეილი ბიბერის ბზინებით გაწყობილი ხორცისფერი კაბა და ადელის სვიტერი, რომელიც ვოგთან ინტერვიუში ეცვა. ისიც მთლიანად გაიყიდა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.“
2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, დავითმა ფეხსაცმელების ხაზიც დააანონსა. მიზეზად კი, ვარსკვლავების მხრიდან მოთხოვნა დაასახელა. “ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია. სელებრითი კლიენტები რეგულარულად მთხოვდნენ ფეხსაცმელს მათი ლუქებისთვის, ასე რომ ჩემი მხრიდან უბრალოდ აუცილებელი იყო მოთხოვნისამებრ მუშაობა. ძალიან მიხარია ჩემი ბრენდის გაფართოვება,” – ამბობდა კომახიძე მარტში.
ფეხსაცმელების ხაზის შემდეგ, კომახიძე მორიგ სიახლეს აანონსებს. ეს არის სპორტული კაპსულა კოლექცია, რომელიც KORAL-თან კოლაბორაციით შეიქმნა. კოლექციიდან პირველი ფოტოები უკვე განთავსებულია დიზაინერის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე.
წყარო: Standard.co.uk