ჰელმუტ ლენგის მოდის სახლმა ახალი კაფსულა კოლექცია “ღია ბარათი” გამოუშვა, რომელიც 20 წლის წინ, 2002 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის შექმნილი მაისურებით – “პარიზი,” “ნიუ-იორკი” – არის შთაგონებული, ასევე გრაფიკული გამოსახულებებით, რომლებიც იმ ღია ბარათებზე გვხვდება, რომელთა პოვნაც მარტივად არის შესაძლებელი ტურისტებისთვის განკუთვნილ სუვენირების მაღაზიებში.
კოლექცია მოიცავს, მაისურებს, ჰუდებს, სპორტულ შარვლებსა და შორტებს, რომლებზეც წარწერებთან ერთად, წარმოდგენილია ვენაში, პარიზსა და ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჰელმუტ ლენგის სათაო ოფისი სამივე ქალაქში მდებარეობდა.
პროექტის ფარგლებში ბრენდმა სამი ფოტოგრაფი მოიწვია, რომლებმაც თავიანთი კამერითა და ხედვით ის ქალაქი აღბეჭდეს, რომელშიც თითოეული მათგანი საქმიანობს. მათ შორის არის ქართველი ფოტოგრაფი დავით გიორგაძე, რომელიც ამჟამად პარიზში მუშაობს. აქედან გამომდინარე, პარიზის ღია ბარათების ავტორი დავითი გახლავთ. ვენაში ფოტოები დენიელ გებჰარტმა გადაიღო, ხოლო ნიუ-იორკში – კიუნჯუნ ლიმ.

© Instagram / d.avit
“დავითი 5 წელია, რაც პარიზში ცხოვრობს და მუშაობს. მისი შემოქმედება მოწმობს, რომ პარიზში ჩვეულებრივი რამეც კი რომანტიულია,” – ვკითხულობთ ბრენდის ოფიციალურ ვებ-საიტზე. “ჰელმუტ ლენგისთვის გადაღებული ეს ფოტოები მის პირად ურთიერთობას ასახავს ამ ქალაქთან. ის აღბეჭდავს განსაკუთრებულ, ზოგჯერ შემთხვევით მომენტებს, რომლებიც ამ ადგილს თავიდან გაყვარებს.”
სამოსზე ასევე წარმოდგენილია იმ ფოტოგრაფის სახელი და გვარი, რომელთან თანამშრომლობითაც ის შეიქმნა.
პარიზი





