2019 წლის იანვარში გუჩის ისტორიული გადაწყვეტილებიდან 4 წელი გავიდა. ალესანდრო მიკელეს გუჩის შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნამ მოდაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მესამედში ვირჯილ აბლოს ოფ-უაითი მოგვევლინა პირველ პოზიციაზე, ოქტომბრიდან გუჩის დომინაცია გაგრძელდა. საბოლოოდ Lyst -ის ცნობით გუჩი მსოფლიოში კვლავ ყველაზე განხილვადი ბრენდია. იტალიური ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვლავ ჩანთაა. გუჩის ჩანთას მოდის ისტორიაში ალბათ ცალკე თავი მიეძღვნება, რადგან გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/Gucci-Cruise-2017-5-1024x683.jpg)
მეორე და მესამე ადგილებს ოფ-უაითი და ბალენსიაგა ინაწილებენ. ნაიკთან თანამშრომლობით შექმნილი ოფ-უაითის კედი 10 ყველაზე მოთხოვნად პროდუქტში მოხვდა. 2018 წელი ვირჯილ აბლოს კარიერაში საუკეთესო იყო. ამერიკელს ლუი ვიტონში წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დებიუტი ჰქონდა. ვირჯილი ლუი ვიტონის და მთლიანად LVMH-ის პირველი აფრო-ამერიკელი მთავარი დიზაინერია. გამოცემა თაიმმა აბლო 2018 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში შეიყვანა. ბრიტანეთში მოდის საერთაშორისო დაჯილდოებაზე ოფ-უაითი წლის ურბანული ბრენდის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. ამ კატეგორიაში შარშანაც ოფ-უაითმა გაიმარჯვა.
მსოფლიოში ყველა აქტუალური პრესა ბალენსიაგაზე წერდა, როდესაც მიშელ ობამა თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ბრენდის ძვირადღირებული ჩექმებით და ბრენდის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ყვითელი კაბით გამოჩნდა. გასულ წელს ფრანგულ მოდის სახლში სხვა არაფერი რომ არ მომხდარიყო,ეს მომენტიც საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ ბალენსიაგა მსოფლიოში მესამე ყველაზე განხილვადი ბრენდი გამხდარიყო. წელს დაანონსდა სათვალეების ახალი ხაზი, ასევე კედები “TRACK” სხვადასხვა ფერში, ექსკლუზიური კაპსულა კოლექცია Farfetch -თან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბალენსიაგა მილიარდი ევროს შემოსავალთან ახლოს არის.
Lyst-ის ათეული სრულად ასე გამოიყურება:
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2019/02/sdsd-575x1024.png)