ნიუ-იორკის, ლონდონის, ფლორენციის და არლის შემდეგ ალესანდრო მიკელეს გუჩისთვის შექმნილი 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება რომში გაიმართება. ლოკაციად კაპიტოლიუმის მუზეუმების კომპლექსი შეირჩა. როგორც ბრენდის გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არჩევანი არის ძველ სამყაროსთან ალესანდროს დიალოგის გაგრძელება, რომელიც ჰარმონი კორინის პომპეიში, ჰერკულანეუმსა და სელინუნტში გადაღებული 2019 წლის რესორტ კატალოგის გამოსვლის შემდეგაც გამოიხატა.
გუჩის მხრიდან ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კაპიტოლიუმის ბორცვის მარჯვენა მხარეს მდებარე ტარპეის კლდის რეკონსტრუქციას დააფინანსებს. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუჩი თავის წვლილს შეიტანს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის აღდგენაში. ფლორენციაში, გალერეა პალატინაში გამართული 2018 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენების შემდეგ, სივრცის აღსადგენად გუჩიმ 2.1 მილიონი დოლარი გამოყო.
რაც შეეხება სხვა ბრენდებს, დიორის კრუიზ შოუ 29 აპრილს მარაქეშში მოეწყობა. პრადა 2 მაისს ნიუ-იორკში გადაინაცვლებს, მომდევნო დღეს კი პარიზში შანელის ჩვენება გაიმართება. ნიუ-იორკში ჩატარდება ლუი ვიტონის ჩვენებაც 8 მაისს, შემდეგ კი გუჩის ჯერი დადგება, როდესაც 28 მაისს მიკელე საკუთარ ეკლექტიკურ ხედვას გამოავლენს ადგილზე, რომელიც „თავის ბავშვობას ახსენებს.“