მას შემდეგ, რაც 2019 წელს დემნამ Vetements დატოვა, ბრენდის კოლექციებს ანონიმური კოლექტივი ქმნიდა. გასული თვის ბოლოს Vetements-ის მორიგი კოლექციაც ვიხილეთ, თუმცა ჩვენთვის კვლავ უცნობი იყო თუ ვინ იყო მის შექმნაზე პასუხისმგებელი, სანამ მოდის სახლის თანადამფუძნებლი და გენერალური დირექტორი გურამ გვასალია საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე სიახლეს გაავრცელებდა.
როგორც ირკვევა, Vetements-ის ბოლო, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია გურამის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა და დიზაინერის როლში ის მომდევნო სეზონებზეც მოგვევლინება.
ჯერ-ჯერობით უცნობია რჩება თუ არა ის გენერალური დირექტორის პოზიციაზე.
Vetements შემოდგომა/ზამთარი 2022 © Vogue Runway
“Vetements ჩემთვის ბრენდზე უფრო მეტია. მისი დნმ სისხლში მაქვს გამჯდარი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვაკეთებ ამას,” – ვკითხულობთ გვასალიას პოსტში. “მართალია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ, შემეძლო ეს საიდუმლოდ მეკეთებინა, მაგრამ მჭირდებოდა, რომ ეს საჯაროდ მეთქვა ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც მოდაზე ოცნებობს, მაგრამ ეშინია ამის შესახებ მშობლებს უთხრას, რადგან მათვის ეს მიუღებელი იქნება. ბავშვებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მოდურ დიზაინ სკოლებში სწავლის დასაწყებად 50,000-დან 100,000-მდე გადაიხადონ. მათვის, ვისაც გადასახადების გადასახდელად ყოველდღიურ სამსახურებში მუშაობა უწევს, დიზაინს კი ღამით შეისწავლის. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არაპრივილეგირებული ოჯახებიდან არიან და აქვთ განცდა, რომ ამ მოდური სამყაროს ნაწილი ვერასდროს გახდებიან. ეს მთელი ჩემი ისტორიაა. მე ლტოლვილი ვარ. ჩემმა ოჯახმა ომის დროს ყველაფერი დაკარგა. როცა ევროპაში გავიქეცით, ვერცერთ ენაზე ვლაპარაკობდით. ლტოლვილთა დასახლებებში ვცხოვრობდით. მოდის სკოლაში შესვლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ჩემი მშობლები ამას არ შეეგუებოდნენ, როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში. ოჯახის გამოსაკვებად მე დავრჩი ერთადერთ იმედად. მაგრამ მინდა ყველას, ვინც ამას კითხულობს ვუთხრა, არაფერ მსგავს არ უნდა შეეძლოს თქვენი პოტენციალის განსაზღვრა ან შეზღუდვა. მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში გყავდეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი სჯერათ, თუმცა თუ თავად არ ირწმუნეთ საკუთარი თავის, მაშინ ეს არაფერია. თქვენი წარსული არ არის ის, ვინც ხართ. საიდანაც მოხვედით ის თქვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი არ არის, ის საწყისი წერტილია.”
Vetements 2014 წელს გურამმა დემნასთან ერთად დააარსა. მაშინ ბრენდი დემნას პერსონალური ისტორია იყო – მისი და მის გარშემო მყოფი ადამიანების, რომლებიც ტანსაცმლით გადმოსცედმნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ და განიცდიდნენ. გურამი კი ბიზნეს მხარეს უძღვებოდა. ვეტმანი იყო ტანსაცმელი დამოკიდებულებით. ირონიული და ზოგჯერ საკამათო. გამომხატველი და აზრიანი. ახლა კი Vetements გურამ გვასალიას პერსონალურ ისტორიად გარდაიქმნა.