გასულ წელს გურამ გვასალია “ფორბსის” ქართული გამოცემის იანვრის ნომრის მთავარი გმირი იყო. გარეკანზე დაბეჭდილ მის ფოტოსთან ერთად გვხვდებოდა წარწერა: “Life Without Limits/”ცხოვრება საზღვრების გარეშე.” ამ პერიოდში ჩვენ მას ვიცნობდით, როგორც Vetements-ის თანამამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს. მას შემდეგ, რაც 2019 წელს დემნამ Vetements დატოვა, ბრენდის კოლექციებს ანონიმური კოლექტივი ქმნიდა. 2021 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია გურამის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით იყო შექმნილი და დიზაინერის ამპლუას მომავალ სეზონებზეც მოირგებდა.

გურამი ისევ გვხვდება “ფორბსის” გარეკანზე, ამჯერად – გერმანულენოვანი გამოცემის.

© Forbes

იქიდან გამომდინარე, რომ Vetements შვეიცარიაში, ციურიხში დაფუძნებული ბრენდია, გურამის ხილვა გერმანული, შვეიცარიული და ავსტრიული გამოცემის ყდაზე მოსალოდნელიც იყო. როგორც სტატიაშია ხაზგასმული, Vetements ინსტაგრამზე 4.6 მილიონი გამომწერით, შვეიცარიაში მესამე ყველაზე პოპულარული ანგარიშია როჯერ ფედერერისა და Rolex-ის შემდეგ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი კლაუს ფიალა აღნიშნავს, რომ ისინი რეგიონიდან, სადაც გერმანულ ენაზე საუბრობენ, ყველაზე საინტერესო ანტრეპრენულად მოაზროვნეებს წარმოგვიდგენენ.

“როდესაც ცხოვრების საინტერესო ამბავი და აქტუალური ბიზნეს თემა თანხვედრაშია, მაშინ ამ ისტორიას უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ასე იყო გურამ გვასალიას შემთხვევაშიც: ომში ლტოლვილად ქცეული, რომელმაც მოდის ინდუსტრია ამოაყირავა და ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ მას Vetements-ის მოდის ძლიერ ძალად გარდაქმნა თავისი ძმის დახმარების გარეშე შეუძლია,” – ამბობს ის.

© Forbes

Vetements 2014 წელს გურამმა დემნასთან ერთად დააარსა.