პრესა სიახლემ გუშინ მოიცვა, ახალი ბრენდის დებიუტი 22 ივლისს შედგება. “ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ბრენდი, ეს ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. შევქმენით “Gvasalia Family Foundation” და ვიწყებთ ექსპერიმენტულ პროექტს. ეს იქნება მრავალსპექტრიანი პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომელიც იმედია, რომ ერთ დღეს, კონგლომერატების ტრადიციულ სტრუქტურას შეცვლის,“ – აღნიშნავს Vetements -ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გურამ გვასალია.
ახალგაზრდების მხარდასაჭერ პლატფორმაზე პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა, როდესაც გვასალია ნიუ-იორკში, WWD-ის ყოველწლიურ სამიტზე სპიკერად იმყოფებოდა. რაც შეეხება ახალ ბრენდს, დეტალები, მათ შორის ბრენდის სახელწოდება ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა როგორც გურამი განმარტავს, „ეს იქნება ბრენდი, რომელიც ძლიერ არის შთაგონებული მამაკაცის ტანისამოსით, მაგრამ მოერგება ყველა გენდერული იდენტობის წარმომადგენელს.“
საინტერესოა ისიც, რომ Gvasalia Family Foundation არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ მოდაზე და ის გააერთიანებს განსხვავებული კონცეფციის კომპანიებს, რომლებსაც ვეტმანისგან დამოუკიდებელი მდებარეობა, გუნდი, ისტორია და მიმართულება ექნებათ.
ამბიციური გეგმა მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, განსხვავებული კომპანიების შექმნას, რომლებიც ერთი „ქოლგის“ ქვეშ გაერთიანებიან.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ, Vetements -მა კონცეპტუალურ მაღაზია, KM20-თან თანამშრომლობით, ვეგანური ბურგერი გამოუშვა. ექსპერიმენტულ ინიციატივას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილია, რომ რამდენიმე დღეში, ვეტმანის ბრენდირებული ბურგერის 2,000 კომბო მენიუ გაიყიდა. რის შემდეგაც, ბრენდმა საერთაშორისო რესტორნებიდან და მაღაზიებიდან 10,000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო. წლის ბოლოდან, ვეტმანის ბრენდირებული ბურგერი გლობალურად გამოჩნდება გაყიდვაში.
Vetements 2013 წლის დეკემბერში, დემნა და გურამ გვასალიებმა შექმნეს. 2019 წელს, დემნა გვასალიამ დატოვა ბრენდი და მთლიანად Balenciaga -ზე ორიენტირდა. მას შემდეგ, ვეტმანი ანონიმური შემოქმედებითი გუნდის მიერ იმართება.