კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ნიუ-იორკმა, ლონდონმა, მილანმა და პარიზმა ფიზიკურ მოდის კვირეულებს პირველად უმასპინძლეს. იძულებითი შვებულებიდან ინდუსტრია შესაბამისი ხმაურით და ეპატაჟით დაბრუნდა. ოთხივე დიდ ქალაქში არა ერთი საინტერესო მომენტი ვიხილეთ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონსაც ჰყავდა გამორჩეული ლიდერები. თვალი გადავავლოთ სეზონის გახმაურებულ მომენტებს

PRADA – გაზაფხული/ზაფხული 2022 – შანხაი/მილანი

2020 წელს, პანდემიის პარალელურად, ლეგენდარული მოდის სახლის ისტორიაში ახალი თავი დაიწყო, როდესაც ბელგიელი დიზაინერი, რაფ სიმონსი ბრენდის შემოქმედებით თანადირექტორად დასახელდა. მას შემდეგ, Prada ორი საკულტო დიზაინერის მიერ იმართება. ამ სეზონზე იტალიური ბრენდის “ორმაგი თამაში” ახალ ეტაპზე გადავიდა.

რაფ სიმონსმა და მიუჩია პრადამ ახალი კოლექცია ერთდროულად 2 ქალაქში, შანხაიში და მილანში წარადგინეს.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი მოდის ცნობილმა ბრენდმა კოლექცია ერთდროულად ორ სხვადასხვა ქალაქში აჩვენა.

Prada გაზაფხული/ზაფხული 2022

Fendsace – ვერსაჩეს და ფენდის კოლაბორაცია

მილანის მოდის კვირეულზე დონატელა ვერსაჩეს გახმაურებულად დაანონსებული „საიდუმლო“ პროექტის პრეზენტაცია შედგა. ჩვენებაზე იტალიური მოდის სახელგანთქმული ბრენდების,Versace-ს და Fendi -ს გაერთიანება ვიხილეთ.

Versace x Fendi

Balenciaga / The Simpsons – სპეციალური ეპიზოდის ჩვენება

მიუხედავად იმისა, რომ პირველად, გასულ წელიწადნახევარში, ბრენდებს ჩვენებების ტრადიციულ ფორმატში გამართვის შესაძლებლობა მიეცათ, ბალენსიაგამ ამ სეზონზეც განსხვავებული გზა აირჩია. 2 ოქტომბერს, დემნა გვასალიამ ახალი კოლექცია წითელ ხალიჩაზე წარადგინა. რის შემდეგაც, პარიზის Théâtre du Châtelet-ში შეკრებილ სტუმრებს “სიმფსონებთან” კოლაბორაციით შექმნილი სპეციალური ეპიზოდი უჩვენა.

Balenciaga / The Simpsons

Balmain – გაზაფხული/ზაფხული 2022

ამ სეზონზე ბალმანის კრეატიულმა დირექტორმა, ოლივერ რუსტენმა ბრენდში გატარებული 10 წელი აღნიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო, დიზაინერმა მნიშვნელოვანი თარიღისთვის სანახაობრივი შოუ შემოგვთავაზა, რომელიც აერთიანებდა სუპერმოდელებს, ბიონსეს და ათასობით მაყურებელს „წინა რიგში“.

Balmain გაზაფხული/ზაფხული 2022

Dua Lipa ვერსაჩეს პოდიუმზე

Versace ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც პოპ ვარსკვლავებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. დღეს არსებულ რეალობაშიც კი, როდესაც თითქმის აღარ არსებობს ცნობილი მოდის სახლი, რომელსაც ვარსკვლავთან კონტრაქტიანი თანამშრომლობა არ აკავშირებს, Versace-ს და სელებრითების კოლაბორაცია კვლავ ყველაზე ბუნებრივ მოვლენად აღიქმება.

იტალიური მოდის სახლის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება მომღერალმა დუა ლიპამ გახსნა და დახურა. საზოგადოებამ დუა მოდელის ამპლუაში პირველად იხილა.

ჯიჯი ჰადიდის წარმატებული დაბრუნება

ინსტაგრამის ერის წამყვანი სუპერმოდელი, მშობიარობის შემდეგ, პოდიუმს დაუბრუნდა. ჯიჯი 15 ჩვენებაზე გამოვიდა, მათ შორის გახსნა 4, დახურა 7 შოუ. მიუხედავად იმისა, რომ ჰადიდი პარიზის მოდის კვირეულზე მხოლოდ ერთ ჩვენებაში ვიხილეთ, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ჯიჯის დომინაცია შესამჩნევი იყო.

Coperni გაზაფხული/ზაფხული 2022

Miu Miu – გაზაფხული/ზაფხული 2022

ისე არცერთი პერიოდი იწვევს ერთდროულად სირცხვილის განცდას და ნოსტალგიას, როდესაც საქმე სტილს ეხება, როგორც ორიათასიანი წლები. ბოლო დროს მოდაში აქტიურად საუბრობენ 2000-იანი წლების ტრენდების გაცოცხლებაზე. ამ სეზონზე, დიალოგს მიუჩია პრადაც შეუერთდა, როდესაც მიუ მიუს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე დაბალწელიანი მოკლე კაბები შემოგვთავაზა.

ფოტოები ინტერნეტს ვირუსულად მოედო.

Miu Miu – გაზაფხული/ზაფხული 2022

ალბერ ელბაზის ხსნოვნას მიძღვნილი საღამო

2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ისტორიას დარჩება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინდუსტრია ფიზიკურ ჩვენებებს დაუბრუნდა, არამედ იმიტომ რომ მოდის თვე ძალიან ემოციური მომენტით დასრულდა – მოდამ პატივი აგო ლეგენდარულ ალბერ ელბაზს. დიზაინერი ამ წლის აპრილში კორონავირუსს ემსხვერპლა.

არმანი, გუჩი, ალაია, ბალმანი, ბალენსიაგა, ვალენტინო, დიორი, ლუი ვიტონი – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ალბერის ბრენდის, AZ Factory -ის ბოლო ჩვენებისთვის გაერთიანდნენ.

სწორედ ამ ჩვენებით დასრულდა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულების სეზონი.