2022 წელს სელებრითებს საკმაოდ გამბედავი და მაქსიმალისტური მიდგომა ჰქონდათ მოდის მიმართ. რიანას ორსულობის სტილი, ბრედ პიტის ტილოს ქვედაბოლოები, ტიმოთი შალამეს “შიშველი” ლუქი ოსკარის დაჯილდოებაზე, ემა კორინისა და Loewe-ს დუო. ხმაურმა სელებრითების სტილისტები ყურადღების ცენტრში მოაქცია, მათ შორის Law Roach, Wayman and Micah და Harry Lambert.

გთავაზობთ რამდენიმე დასამახსოვრებელ მოდურ მომენტს 2022 წლიდან, რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალში საკულტო იქნება.

ბლეიკ ლაივლის Met Gala-ს ლუქი:

ბლეიკ ლაივლის მეტ გალას ლუქები ყოველთვის რჩეულთა სიაში ხვდებოდა, თუმცა წელს მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკული მოდის თემატიკა ბლეიკმა სიტყვასიტყვით “აღიქვა” და ვერსაჩეს კაბა მოირგო, რომელიც თავისუფლების ქანდაკებით იყო შთაგონებული. ბრინჯაოსფერიდან ღია ცისფერში კაბის ტრანსფორმაცია დრამატულად პირდაპირ მეტროპოლიტენის მუზეუმის კიბეზე გაშლილ წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ და, ალბათ, არასდროს დაგვავიწყდება.

რობერტ პეტინსონის სტილი Batman-ის პრეს ტურზე:

რობერტ პეტინსონი 2022 წლის მოულოდნელი მოდური გმირი გახდა. ბეტმენის ყოველ მორიგ პრემიერაზე მსახიობი წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იქცევდა, თუმცა ლონდონში გამართული პრემიერის ლუქი – ჯილ სანდერის oversized პიჯაკი და შარვალი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშნვას.

ოსკარ აიზეკი Thom Browne-ში:

კიდევ ერთი მოულოდნელი სახელი ამ სიაში ოსკარ აიზეკია, თუმცა ეს ლუქი აღნიშნვას ნამდვილად იმსახურებს. მსახიობის ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მამაკაცის მოდა 2022 წელს უფრო მრავალფეროვანი და გამბედავი გახდა, ამასთან, ყოველთვის სასიამოვნოა თომ ბრაუნის სელებრითებზე დანახვა.

ტიმოთი შალამეს ლუქი ვენეციის კინოფესტივალზე:

ტიმოთი შალამე ერთ-ერთი ყველაზე გამბედავია მოდასთან მიმართებაში, თუმცა აღნიშნულმა ჰაიდერ აკერმანის ლუქმა ინტერნეტში არნახული ხმაური გამოიწვია.

ზენდეიას ვალენტინოს შავი კაბა:

ჰოლივუდში რთულია შავი კაბა დასამახსოვრებელი იყოს, თუმცა ეს ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა. ზენდეიას ლუქები ვალენტინოში ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა აღნიშნული შავი კაბა ნამდვილი Old Hollywood Glam-ის აპოთეოზია.

დუა ლიპას “შიშველი” თეთრი კაბა, ქორწილში:

ვის შეუძლია ჩაიცვას თეთრი, გამჭვირვალე კაბა ქორწილში, თუ არა დუა ლიპას. და ვის ქორწილში შეიძლება ჩაიცვა თეთრი, გამჭვირვალე კაბა, თუ არა სიმონ პორტე ჟაკმუსის. დუას ეს ლუქი ნამდვილად საკულტო და დასამახსოვრებელია.