კინოდაჯილდოებები საერთაშორისო მედიისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. თუმცა, არა მხოლოდ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებულების გამო – ასეთი ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი წითელი ხალიჩაა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა მოდის პრესისათვის. 2020-2021 წლებში, მსგავსი ცერემონიები სრულიად განსხვავებულ – ციფრულ და სატელევიზიო ფორმატში ვიხილეთ, თუმცა, ასეთ დროსაც ორგანიზატორებმა არ დაივიწყეს წითელი ხალიჩის მნიშვნელობა და ვარსკვლავების ჩაცმულობა ორიგინალური ფორმებით წარმოგვიდგინეს.
მოდისა და კინოდაჯილდოებების ახლო კავშირი წლებთან ერთად ყალიბდებოდა და მეტად სანახაობრივ ფორმებს იღებდა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან, როცა პაპარაცების კულტურის მხოლოდ ჩანასახები არსებობდა, მიწვეული ფოტოგრაფების ობიექტივში მაინც ხაზგასმით ხვდებოდნენ ვარსკვლავები გამორჩეული სამოსით. თვალი გადავავლოთ მე-20 საუკუნის სხვადასხვა ათწლეულის ცერემონიებს და საკულტო ვარსკვლავების სტილის დასამახსოვრებელ მომენტებს.