WarnerMedia-მ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ DC Comics-ზე დაფუძნებული ფილმის – Justice League-ის საქმეზე გამოძიება დაასრულა და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. საქმე ის არის, რომ 2020 წლის აგვისტოში, კინოსტუდიას რეი ფიშერმა მიმართა, რომელმაც რეჟისორი ჯოს ვედონი და პროდიუსერები ტოქსიკური გარემოს შექმნაში საჯაროდ ამხილა. “მათი ქმედება გადასაღებ მოედანზე იყო მიუღებელი, შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი და არაპროფესიონალური” დაწერა ფიშერმა twitter-ზე. ამის შემდეგ, WarnerMedia-მ დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართო საქმეში. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა Wonder Woman-ის როლის შემსრულებელი გალ გადოტი, რომელმაც მოგვიანებით, ღიად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე ფილმის გადაღებისას. 

“მიუხედავად იმისა, რომ მე არ შევსწრებივარ ფიშერსა და სხვა მსახიობებთან დაკავშირებულ კონფლიქტებს და უსიამოვნო ფაქტებს, ჯოს ვედონთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება მაქვს და ეს არ არის საუკეთესო რამ ჩემს ცხოვრებაში. როცა ეს ფაქტები მოხდა, მაშინვე ვიმოქმედე და კინოსტუდიის მენეჯმენტი საქმის კურსში ჩავაყენე. ისინი ყურადღებით მოეკიდნენ ჩემს მიმართვას და ამან შედეგიც გამოიღო. ფიშერის შემთხვევაში კი, მხარს ვუჭერ მის გადაწყვეტილებას, ესაუბრა საჯაროდ.”

გალ გადოტმა ისუბრა გამოძიების მსვლელობისას მის გამოკითხვაზეც “ვიცოდი, რომ მოწმის სტატუსით დამიბარებდნენ. დიდი დრო გავატარე გადასაღებ მოედანზე, ამიტომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. მე მათთან ვითანამშრომლე და იმედია გამოძიების სამართლიანად დასრულებისათვის საჭირო ინფორმაციაც გავეცი”.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, WarnerMedia-მ გამოძიება დაასრულა და საჯარო განცხადების მიხედვით, “პრობლემების აღმოსაფხვრელად და გარემოს გასაჯანსაღებლად” საჭირო ზომებიც მიიღო. თუმცა, კინოსტუდია, ჯერჯერობით, უარს ამბობს მედიასთან ინტერვიუზე და უცნობია, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება გატარებულ ზომებში.