ემანუელ ალტის ხელმძღვანელობით, პარიზის ვოგი შესაძლოა იყოს ერთადერთი გავლენიანი ვოგი, რომელიც აღებული კურსიდან არასდროს უხვევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებულ რეალობას გვერდს უვლის.
ალტის პარიზის ვოგს ხშირად უწოდებენ ყველაზე „თეთრ ვოგს“, რადგან მისი რჩეული მოდელების, თუ ვარსკვლავების უმრავლესობა თეთრკანიანია.
2020 წლის სექტემბერში, პარიზის ვოგის სექტემბრის ნომერს დამწყები მოდელი, Malika Louback ამშვენებს. მალიკას აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოდან, ჯიბუტიდან არის. მისი მშობლები ევროპაში, კერძოდ ბელგიაში ცხოვრობენ. ბელგიაში დაიწყო გოგონას სამოდელო კარიერა, რაც ლოგიკურად პარიზში გაგრძელდა. პოდიუმზე მალიკას დებიუტი გასულ წელს შედგა.
Vogue პარიზი სექტემბერი 2020
ყდაზე: Malika Louback
ფოტოგრაფი: Mikael Jansson
სტილისტი: Emmanuelle Alt
ვარცხნილობის სტილისტი: Damien Boissinot
ვიზაჟისტი: Hannah Murray
ტანსაცმელი: Yves Saint Laurent by Anthony Vaccarello

პარიზის ვოგის სექტემბრის ნომრის ყდა ნებისმიერი მოდელისთვის, მითუმეტეს ახალბედასთვის, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საინტერესოა, მომავალში, მალიკას ემანუელ ალტის რჩეულ სახეებში ვიხილავთ, თუ ეს უბრალოდ შექმნილი მომენტის გამოძახილია. თუ ფრანგმა რედაქტორმა გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო და არა Conde Nast-ის პირდაპირი მითითებით ყდაზე შავკანიანი მოდელის დაბეჭდვასთან დაკავშირებით, მაშინ, უნდა ვთქვათ, რომ მაღალი მოდის პოდიუმს ახალი ვარსკვლავი ჰყავს, რადგან თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, ალტი ერთადერთი ცნობილი რედაქტორია, რომელიც თავის საყვარელ სახეებს ჟურნალის ყდაზე ერთ წელში ოთხჯერაც ბეჭდავს. სწორედ პარიზის ვოგმა შექმნა ძალიან ბევრი ცნობილი ტოპ მოდელი, მათ შორის ბოლო დროის დიდი აღმოჩენები: Anna Ewers, Luna Bijl, Rianne van Rompaey.