მოდის პრესის გავლენიანი გამოცემის, WWD- ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ამერიკული მასმედიის ლიდერ კომპანიაში, ქონდე ნასტში მორიგი ცვლილებების შესახებ. ქონდე ნასტის გამომცემლობაში შედის არაერთი ცნობილი ჟურნალი, მათ შორის: Vogue, The New Yorker, GQ, Glamour, Architectural Digest და Vanity Fair.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში,მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალი, Vogue ხუთი გამოცემის მთავარმა რედაქტორმა დატოვა. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ახალი პოზიციები და მმართველობის სისტემა. ანა ვინტური, რომელიც 2020 წლის დეკემბრამდე, Condé Nast-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ახლა ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსია, ხოლო ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფული – მოდის ბიბლიის ევროპული გამოცემების დირექტორი. როგორც რეგიონალური დირექტორის, აგრეთვე გლობალური საგამომცემლო სამსახურის უფროსის თანამდებობა, Condé Nast-ში, პირველად შეიქმნა.
მოსალოდნელი იყო, რომ ზემოთხსენებული რადიკალური ნაბიჯები, შედეგებს გამოიწვევდა, მაგრამ როგორც WWD იუწყება, ქონდე ნასტში ცვლილებები ვოგის რუსულ, ესპანურ, ჩინურ, ინდურ და გერმანულ გამოცემებში გუნდის განახლებით არ დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, მალე, ფრანგულ ჟურნალებში დირექტორების და მთავარი რედაქტორების ცვლილებასაც უნდა ველოდოთ.
განსაკუთრებით საყურადღებოა ფრანგული ვოგი, რომელსაც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ემანუელ ალტი ხელმძღვანელობს. დატოვებს, თუ არა ალტი დაკავებულ თანამდებობას, ამის შესახებ, დადასტურებული ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა WWD-ის ცნობით, GQ France -თან და Vanity Fair France- თან ერთად, ცვლილებები შეეხება პარიზის ვოგსაც.