ვერსაჩეს პოპულარობა და მნიშვნელობა პოპ-კულტურაში საკმაოდ თვალშისაცემია. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ბრენდის დამფუძნებლის, ჯანი ვერსაჩესთვის მიძღვნილი შოუ ორიგინალი სუპერმოდელების მონაწილეობით, ჯენიფერ ლოპეზი პოდიუმზე “იმ” მწვანე კაბაში და, რაღა თქმა უნდა “ამერიკული კრიმინალური ისტორიის” სეზონი, რომელიც ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას აღწერს. სწორედ ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, ბრენდი უდიდესი წნეხის ქვეშაა.

2018 წელს ვერსაჩე Capri Holdings-მა 2.1 მილიარდ დოლარად შეიძინა. მაშინ ბრენდის წლიური შემოსავალი 850 მილიონი დოლარი იყო, კომპანიის მიზანი კი ვერსაჩეს წლიური ბრუნვის 2 მილიარდამდე გაზრდა იყო. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ზრდის მცდელობებს ახლაც ვხედავთ. უკანასკნელი გუშინდელ ჩვენებაზე ვიხილეთ – 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ვერსაჩემ მშობლიური მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში არ წარადგინა, არამედ დაამთხვია პარიზის მოდის კვირეულს, თუმცა ოფიციალურ განრიგში არ ყოფილა. კოლექცია საკმაოდ დინამიური და საინტერესო ფორმით იყო წარმოდგენილი, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი პრინტი აღმოჩნდა, რომელიც ბრენდის საკულტო La Greca-ს ერთგვარი 3D ვარიაციაა.

ვიზუალურ ინდუსტრიაში, როგორიც არის მოდა, პრინტებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვთ, გუჩი, ერმესი, ფენდი, ლუი ვიტონი – ყველა მოდის გიგანტს დამახასიათებელი პრინტი აქვს, რომლებიც გვხვდება ყველაფერზე დაწყებული ჩანთებიდან თუ საფულეებიდან, დასრულებული საცვლებითა თუ საღამურებით. უახლესი მაგალითი მარინ სერეს მთვარის პრინტია, რომელიც ძალიან დიდი სისწრაფით იქმნის რეპუტაციას. თუმცა ამ მონეტას ორი მხარე აქვს, რადგან ეს მეთოდი ან ამართლებს, ან არა – მესამე ვარიანტს მომხმარებლის ქცევა არ იძლევა. ამის მაგალითი რიკარდო ტიშის ბარბერის განახლებული პრინტია. რიკარდოს სტატუსისა და წარმატბული კარიერის მიუხედავად, მომხმარებელმა ბარბერის ახალი პრინტი არ მიიღო.

ვერსაჩეს ახალი კოლექცია გაყიდვაში სექტემბერში ჩაეშვება. ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონათან აკეროიდმა განაცხადა, რომ “ეს შეუმჩნევლად არ ჩაივლის” და რომ “ახალი კოლექციის შესახებ ყველას ეცოდინება.”. აღსანიშნია, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად ვერსაჩე კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძებნად ბრენდად. LYST-ის მიხედვით, Google-ის საძიებო სისტემაში ვერსაჩე ტოპ 10 ყველაზე პოპულარულ ბრენდებშია, ხოლო Launchmetrics-ის მიხედვით, ბრენდი მერვე ყველაზე პოპულარული ბრენდია ინსტაგრამზე და მას ჩამორჩება ბევრად უფრო დიდი მოდის სახლები, მაგალითად, ერმესი და ბარბერი.

ბრენდში პროგნოზირებენ, რომ ახალმა კოლექციამ შემოსავლები როგორც მინიმუმ 45%-ით უნდა გაზარდოს, რაც პანდემიამდელ პროგნოზებსაც კი სცდება. ჯონათან აკეროიდის განცხადებით, პრინტი იქნება აბსოლუტურად ყველაფერზე, ისევე როგორც ბრენდის ლეგენდარული მედუზას თავი და მოჩუქურთმებული ასო V. “ბრენდს აქვს არქივული პრინტები და განმასხვავებელი თუ დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული პრინტი აქსესუარებზე,” ამბობს აკეროიდი, “ამიტომ გვიჭირდა ახალგაზრდა მომხმარებლებზე გასვლა, მათთვის რთული იყო გამოერჩიათ ჩვენი ნივთები. ახლა ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება.”

საინტერესოა, თუ როგორ წარიმართება საკულტო მოდის სახლში ახალი “კოდის” ინტეგრირება და როგორ მიიღებს მას მომხმარებელი. რეალურად, პოზიტიური შედეგისთვის დონატელასა და კაპრი ჰოლდინგსს ყველა წინაპირობა აქვთ, თუმცა ახლა მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთებაც კი ძალიან რთულია.

Tags :