მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კორპორაციამ, Walmart -მა მოდის მიმართულებით ახალი ლიდერი დაასახელა. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ბრენდონ მაქსველი დაიკავებს Walmart -ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას.
ბრენდონ მაქსველმა კარიერა ვარსკვლავების სტილისტად მუშაობით დაიწყო. მისი ყველაზე სახელგანთქმული თანამშრომლობა ლედი გაგას უკავშირდება. წლების განმავლობაში, ბრენდონი ოსკარის და გრემის მფლობელი მომღერლის ჩაცმის სტილზე ზრუნავდა. მოგვიანებით, ამერიკელმა საკუთარი სახელობის ბრენდიც შექმნა.
პირველივე სეზონებიდან Brandon Maxwell-ის ჩვენებები ყურადღების ცენტრში მოექცა. სხვა დამწყებ დიზაინერებთან შედარებით, მაქსველის უპირატესობა მაშინ გამოიკვეთა, როდესაც მის ჩვენებებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელები და პოპ-კულტურის აღიარებული ვარსკვლავები ვიხილეთ.
Brandon Maxwell გაზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული
მაქსველის კარიერიდან გამორჩეულ მომენტებზე საუბრისას, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ 2019 წლის მეტ გალა. მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გლამურული ღონისძიების თანაორგანიზატორი, ლედი გაგა, წითელ ხალიჩაზე, ჩვეული ეპატაჟით წარსდგა. მომღერლის ლუქზე, რომელიც 4 კოსტიუმს აერთიანებდა, ბრენდონმა იზრუნა.
ცხადია, რომ დიზაინერი, რომელიც რამდენჯერმე ყოფილა ამერიკის მაღალი მოდის საბჭოს დაჯილდოების ნომინანტი, რომლის კლიენტებს შორის არიან: აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი, კაილი მინოუგი, კარლი კლოსი, რომელსაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ გავლენიან ვარსკვლავთან, როგორიც ლედი გაგაა, Walmart -ისთვის იდეალური კანდიდატია, თუმცა საინტერესოა, რატომ მიიღო ეს შემოთავაზა თავად დიზაინერმა.
“ამ თემაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. როდესაც საკუთარი ბრენდი დავაფუძნე, ჩემი იდეა იყო შემექმნა ლამაზი სამოსი, რომელიც ადამიანებს თავს უკეთ აგრძნობინებდა. ამ თანამშრომლობით შანსი მეძლევა ეს იდეა უფრო დიდი მასშტაბით განვახორციელო. მაღალი ხარისხის დიზაინი, რომელიც ყველასთვის ხელმისავწდომია, ეს არის ის, რაშიც ძალიან დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა მოდასთან, რომელიც თავს კარგად აგრძნობინებს.” – ვკითხულობთ ბრენდონ მაქსველის ახალ განცხადებაში.
უკვე ცნობილია, რომ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი, რომელსაც სექტემბერში ვიხილავთ, ბრენდონის პირველი სეზონი იქნება Walmart -ის მოდის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში.