მოდის ხანგრძლივ ისტორიაში ცოტა რამ არის ისეთი ცნობილი და ძვირადღირებული, როგორც საკულტო ჩანთა – Birkin. ის იმ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობა და აქტუალობა მოდის ცვალებად ხასიათს არ ექვემდებარება და მუდამ კლასიკად მიიჩნევა. ბირკინის ჩანთის სტატუსი ღირებულებაშიც კარგად აისახება – Hermes-ის ამ საკულტო აქსესუარის ზოგიერთი მოდელის ფასი 80,000 დოლარამდეც კი აღწევს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი გადამუშავებით შესაძლოა ახალი და ასევე ძვირადღირებული მოდური ნივთები შეიქმნას.
Birkinstocks – ასე ჰქვია სანდლებს, რომლებიც ბრენდმა MSCHF-მა წარადგინა. MSCHF არტ-კოლექტივია, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების კონცეფციურ პროდუქტს ქმნის. Birkinstocks კი ნამდვილად არის იდეური გადაწყვეტა, რადგან ის ნამდვილი ბირკინის ჩანთისგან შეიქმნა და საკმაოდ ძვირიც ღირს. ბრენდმა Birkinstocks-ის ოთხი სხვადასხვა ვერსია დაამზადა ლიმიტირებული რაოდენობით, ამისათვის კი სულ ოთხი ცალი ჩანთა შეიძინა. ყველაზე დამაჯერებელი ვარაუდით, ეს ქმედება ერთგვარი პროტესტი და სარკაზმია მოდის სამყაროს და მის მიერ შექმნილი ფუფუნების საგნების მიმართ, თუმცა დიზიანის ავტორებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოდელების ფასი 34 ათასი დოლარიდან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული სანდლების შეძენისათვის კი მსურველებმა 76 ათასი უნდა გადაიხადონ. როგორც New York Times იუწყება, სამი წყვილი უკვე შეიძინა ანონიმურმა კოლექციონერმა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედიაში Birkinstocks-ის განხილვისას, MSCHF შეადარეს Vetements-ს – მიზეზი ის სარკაზმია, რომელის ადრესატი ორივე შემთხვევაში, სავარაუდოდ, მოდის თანამედროვე ინდუსტრიაა.