ამერიკელი მომღერალი ბილი აილიში ნოემბერში ახალი სუნამოს “EILISH”-ის გამოშვებას აანონსებს. “ამ სურნელს წლების მანძილზე ვეძებდი და საბოლოოდ თავად შევქმენი,” განაცხადა ბილიმ და ისიც დაამატა, რომ სუნამოს ვანილის, მუშკისა და კაკაოს არომატები ექნება.
Vogue-თან საუბარში მომღერალმა ისაუბრა სინესთეზიაზე და რომ მას ყოველთვის მოსწონდა ქარვისფერი არომატები (სინესთეზია არის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც, მაგალითად ბილის შეუძლია შეიგრძნოს ფერების სუნი). ბილის თქმით, მისთვის ეს სურნელი ძალიან მყუდრო და სენსუალურია. 19 წლის მომღერალმა ასევე ისაუბრა სურნელების გავლენასა და მათთან დაკავშირებულ მოგონებებზე, “სუნამოები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის მინდოდა ჩემი იდეების თავმოყრა ფლაკონში! ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გამოცდილება იყო ჩემთვის და ერთი სული მაქვს, თუ როდის მოხვდება ჩემი სუნამო თქვენს თაროებზე.”
Billie Eilish “EILISH” Perfume
სუნამოს ფლაკონი ადამიანის ბიუსტის ფორმისაა, და მომღერლის განცხადებით, ადამიანის სხეულის მის საყვარელ ნაწილებს ასახავს – კისერი, ლავიწის ძვლები და ზურგის ზედა ნაწილი. Vogue-თან საუბარში ბილიმ აღნიშნა, რომ მას არ უნდოდა რაიმე კონკრეტული სხეულის ფორმის გამეორება, რადგან ყველანაირი ფორმის და ზომის ადამიანი ლამაზია.
სუნამო ვეგანურია და დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგან, რაც გასაკვირი არაა, იმის გათვალისწინებით რომ თავად ბილიც ვეგანია. სუნამო გაყიდვაში billieeilishfragrances.com-ზე 68 დოლარად ნოემბერში ჩაეშვება. ვებსაიტის დასახელების მიხედვით ნათელია, რომ მომავალში ბილი კიდევ გეგმავს სუნამოების გამოშვებას.