“Forces of fashion” ვოგის ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც ტრადიციულად, ოქტომბრის თვეში, ნიუ-იორკში იმართება და 2 დღეს გრძელდება. კონფერენციაზე მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები იკრიბებიან და მოდასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
კონფერენციას წელსაც საინტერესო სპიკერები ეყოლება. უკვე მეორედ, “Forces of fashion”-ში მონაწილეობას მიიღებენ, მარჯიელას მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორი, ჯონ გალიანო და მარკ ჯეიკობსი. სპიკერებს შორის იქნება ლეგენდარული ვიზაჟისტი პატ მაკგრათიც. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, დადასტურდა, რომ ვოგი ტრადიციას წელსაც არ დაარღვევს და მოდის გავლენიან კრეატორებთან ერთად, კონფერენციაზე მიიწვიეს საერთაშორისო ვარსკვლავს – რიანას და ქარდი ბის შემდეგ, “Forces of fashion”-ში ვიხილავთ ბილი აილიშს. გამომდინარე იქიდან, რომ ბილი Gucci-ის გლობალური ელჩია, კონფერენციაზე, მასთან ერთად, გამოჩნდება იტალიური ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ალესანდრო მიკელე.
ერთადერთ მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს თარიღი. ამჯერად, ოქტომბრის ნაცვლად, ვოგის ყოველწლიური ღონისძიება 7-8 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ივლისში, ბილი აილიშის ახალი ალბომის პრემიერა იგეგმება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა მომღერალი, Vogue -ის პლატფორმით, გულშემატკივარს ექსკლუზიურ სიახლეებსაც გაანდობს, რადგან კონფერენციის გარდა, ანა ვინტურის უშუალო ჩართულობით, ბილი წლევანდელი Met Gala-ს თანაორგანიზატორადაც დასახელდა. ეს კი, საკმაოდ დიდი პატივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 19 წლის ასაკში, არავის დაუკავებია კოსტიუმების ყველაზე ძვირადღირებული საღამოს (რომელიც ამავდროულად არის პოპ-კულტურის უდიდესი მოვლენა) თანაორგანიზატორის თანამდებობა.
“Forces of fashion”-ზე დასასწრებად ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპეციალურად კონფერენციისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე – Vogueforcesoffashion.com.