Instagram-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება Beauty ინდუსტრიაა. სოციალურ ქსელში, ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ტუტორიალს, ახალი პროდუქტების რეკლამებს, ინფლუენსერი ვიზაჟისტების მრავალფეროვან კონტენტს, ხრიკებს, რომლებიც დეკორატიული კოსმეტიკით დაინტერესებულ ადამიანებს საინტერესო და ორიგინალურ მიგნებებს და იდეებს სთავაზობს. ამჯერად, ინსტაგრამის მომხმარებლების ყურადღება ახალი დიზაინის ბეჭედმა მიიქცია, რომელსაც გარდა ვიზუალური დატვირთვისა, ფუნქციური გამოყენებაც აქვს – ის დეკორატიული კოსმეტიკის პალიტრაც არის.
ბეჭდის დიზაინი Nail Art-ის სპეციალისტმა ბეტინა გოლდსტეინმა წარადგინა. ახალი პროდუქტი ბეტინას დაფუძნებული პროფესიონალური აპლიკატორების მწარმოებელმა ბრენდმა – Doublemoss Arte-მ გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭედი კონკრეტულად ფრჩხილის დეკორატიული გაფორმების პროცესში დამხმარე ფუნქციურ აქსესუარად შეიქმნა, ის სხვა კოსმეტიკური საშუალებების მოხმარების დროსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ – მაგალითად, მასზე ტონალური კრემის კონკრეტული მოცულობა მოვამზადოთ ან ორი სხვადასხვა ფერის შევურიოთ.
რამდენად პრაქტიკული აღმოჩნდება ეს ნივთი მომხმარებლების დიდი აუდიტორიისათვის – უცნობია, თუმცა, იდეის კრეატიულობის დამსახურებით, ინსტაგრამზე პოპულარობა ნამდვილად მოიპოვა. როგორც მისი შემქმნელი ამბობს, აქსესუარი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც ლაქის წასმას, ან სხვადასხვა დიზაინის შექმნას დამოუკიდებლად, სპეციალისტის დახმარების გარეშე გადავწყეტთ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პროფესიონალმა ვიზაჟისტმა პროდუქტს დადებითი შეფასებები უკვე მისცა.

ბეჭდის შეძენა DOUBLEMOSS ARTE-ს ოფიციალურ ვებ გვერდზეა შესაძლებელი და მისი ღირებულება 96 დოლარია. აქსესუარს ასევე მოჰყვება სპეციალური მინიატურული აპლიკატორების ნაკრები, რომლის ფასი 150 დოლარია.