ლეონარდო და ვინჩის ყოფილი რეზიდენცია მილანში გაიყიდა და მისი ახალი მფლობელი მომენტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნო გახდა.
იტალიური პრესის მიხედვით, LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ Casa Degli Atellani წინა მფლობელებისგან, კონტისა და პორტალუპის ოჯახების შთამომავლებისგან შეიძინა. უცნობია, თუ რამხელა თანხა გადაიხადა ან რა მიზნით შეიძინა ბერნარ არნომ აღნიშნული სახლი. LVMH-ში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
დაახლოებით 1490 წელს აშენებული სახლი 1498 წელს ლუდოვიკო “ილ მორომ”, მილანის ჰერცოგმა და ვინჩის აჩუქა, მაშინ, როდესაც ის ქალაქში “საიდუმლო სერობაზე” მუშაობდა. საუკუნეების განმავლობაში სახლმა მფლობელი ბევრჯერ შეიცვალა, მანამ, სანამ 1919 წელს კორსო მაგენტაზე მდებარე ისტორიული სახლი სენატორისა და ანტერპრენერის ეტორე კონტის ხელში აღმოჩნდა. მისი სიძე ცნობილი არქიტექტორი, პიერო პორტალუპი იყო, რომელსაც სახლის რესტავრაცია დაევალა.
მე-15 საუკუნის სახლის ეზოში ბაღია განთავსებული, სადაც და ვინჩის თავისთვის პატარა მეღვინეობაც ჰქონდა. დღესდღეობით, ეს მილანის ცენტრში მდებარე ერთადერთი მოქმედი მეღვინეობაა. ბაღი და ღვინის მარანი 2014 წელს აღადგინეს, ხოლო 2015 წელს სახლი ოფიციალურად “გახსნეს” და მას შემდეგ იქ იღებენ ტურისტებს, აქირავებენ აპარტამენტებს, ატარებენ მოდის ჩვენებებსა და სხვა სახის ღონისძიებებს.
კასა დელი ატელანის არნოს მიერ ყიდვის შესახებ პირველად იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ დაწერა. ბერნარ არნოს ამჟამინდელი ქონება 181.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია. აღსანიშნავია, რომ მოდის ინდუსტრიის გარდა, LVMH (Louis Vuitton Moet Hennesy) ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის ღვინის ბიზნესსაც ფლობს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა იმის ხილვა, თუ რა მიზნით გამოიყენებს არნო კასა დელი ატელანის უძველეს მეღვინეობას.