ამერიკაში ბარბერის სასაქონლო საწყობმა მუშაობა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სიახლე ბლუმბერგმა გამოაქვეყნა. საფინანსო საინფორმაციო საშუალების ცნობით, ბარბერის ამერიკულ საწყობში, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარეობს, 300 – მდე ადამიანი მუშაობდა. მათთან საუბრის შემდეგ, ირკვევა, რომ ბრიტანული ბრენდი უსაფრთხოების სტანდარტებს საკმარისად კარგად არ იცავდა, სივრციდან და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლებს შორის საკმარისი ფიზიკური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. ბარბერის წარმომადგენლის თქმით, კრიზისის დაწყებიდან თანამშრომლებისთვის საიდუმლო ცხელი ხაზი შეიქმნა, რომელზეც ყველა დასაქმებულს შეეძლო დარეკვა, თუ შექმნილი სამუშაო გარემო დისკომფორტს, ან საფრთხეს აგრძნობინებდა. გარდა ამისა, ბრიტანული ბრენდი ხაზს უსვამს, რომ მათ არაერთ თანამშრომელს მისცეს დასვენების შესაძლებლობა და უკლებლივ ყველას შემოსავალი სრულად შეუნარჩუნეს.

3 დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, ბარბერის სასაქონლო საწყობმა მუშაობა დროებით შეაჩერა. ბრენდი მსოფლიოს გარშემო 10,000-ზე მეტ თანამშრომელს ანაზღაურებას კვლავ ჩვეული გრაფიკით და რაოდენობით უხდის.

ბარბერი გაზაფხული/ზაფხული 2020

18 მილიონი ფუნტის დაკარგვის შემდეგ, დეივიდ ბექჰემის და K&C – ის თანამშრომლობა დასრულდა.

Kent & Curwen, მამაკაცის სამოსის ინგლისური ბრენდი, რომელიც 1926 წლიდან არსებობს, დეივიდ ბექჰემთან თანამშრომლობას წყვეტს. ფეხბურთელმა ბრენდთან თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო. დეივიდი ჩართული იყო არა მარტო სარეკლამო კამპანიებში, არამედ დიზაინის და მარკეტინგულ მხარეებშიც. მისი აქტიურობით, Kent & Curwen – მა ლონდონის მოდის კვირეულზე სეზონის ერთ-ერთი გახმაურებული ჩვენებაც მოაწყო, მაგრამ ფინანსური ანგარიშებიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლო პერიოდში ბრენდმა 18 მილიონი ფუნტი იზარალა.

თანამშრომლობის დასრულებაზე დეივიდს და ბრენდს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

დეივიდ ბექჰემი

კარინ როიტფელდის “CR Runway” შოუ ამფარის ფონდს კორონავირუსთან ბრძოლაში უერთდება.

გავლენიანი ფრანგი სტილისტი და რედაქტორი იუთუბის დერეკ ბლასბერგთან და ამფართან ერთად 30 წუთიან ვირტუალურ შოუს აანონსებს, რომლის მიზანი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდზე ცნობიერების ამაღლებაა. ვირტუალური ჩვენება და ფარდის მიღმა კადრები იუთუბზე პირველ მაისს, საღამოს 8 საათზე გადაიცემა და როიტფელდის ბევრ საყვარელ სახეს გააერთიანებს, მათ შორის იქნებიან: ადრიანა ლიმა, ირინა შეიკი, ვირჯილ აბლო, მარია გრაცია ქიური.

AmfAR არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შიდსის პრევენციისთვის და დაავადებასთან ბრძოლისთვის კვლევებს ატარებს. ორგანიზაციამ ანტი-კორონავირუსული ფონდი 10 აპრილს დააანონსა.

კარინ როიტფელდი

ზენია მამაკაცის კოლექციის ჩვენებას ონლაინ გამართავს.

მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ახალი სეზონი პანდემიის პრევენციის მიზნით გაუქმდა, თუმცა ერმენეჯილდო ზენია შოუს გამართვას მაინც გეგმავს. Fashion Network-თან ახალ ინტერვიუში, ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო სარტორიმ დაადასტურა, რომ ჩვენება განახლებული, ონლაინ ფორმატით გაიმართება. დიზაინერი ამხელს, რომ კოლექცია 40-50 ლუქისგან იქნება შექმნილი.

იტალიური ბრენდი კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. გასულ თვეებში, იტალიელი ექიმების მხარდასაჭერად ზენიამ 3 მილიონი ევრო გაიღო.

ერმენეჯილდო ზენია გაზაფხული/ზაფხული 2020

ვიქტორია სეკრეტის მფლობელმა კომპანიამ Sycamore – ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თებერვლის დასაწყისში, L Brands – მა ვიქტორია სეკრეტის 55% წილი Sycamore Partners – ს 525 მილიონ დოლარად მიჰყიდა. შესყიდვის პროცედურა წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, Sycamore Partners – მა შესყიდვის პროცესი შეაჩერა. მათი წარმომადგენლის განცხადებით, L Brands – მა ვიქტორია სეკრეტის 1600 მაღაზია, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, შეუთანხმებლად დახურა, რაც უფლებას აძლევთ, რომ თებერვალში მიღწეული შეთანხმება ბათილად ცნონ.

L Brands -ის თქმით, შეთანხმება კვლავ კანონიერია და Sycamore Partners იძულებულია დაწყებული პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. საქმეს დელავერის შტატის სასამართლო განიხილავს.

ვიქტორია სეკრეტის 2020 წლის სარეკლამო კამპანია