1925 წელს, 11 წლის ასაკში, პიერ ბალმანმა Chambéry – ში მდებარე სკოლა პანსიონატში სასწავლებლად სტიპენდია მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბალმანმა უკვე იცოდა, რომ მოდაში სურდა მოღვაწეობა, ამიტომ დიზაინერებთან ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა. პიერმა სამუშაო 1936 წელს დატოვა, როდესაც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, პიერმა საკუთარი მაღაზია გახსნა, სადაც Balmain – ის პირველი ნამუშევრები იყიდებოდა.
75 წლის შემდეგ, Balmain – ის შემოქმედებითმა დირექტორმა, ოლივერ რუსტანმა პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეული პიერ ბალმანის არქივებით გახსნა. ბრენდის 75 წლის იუბილე კორონავირუსის პანდემიას დაემთხვა. მოდის კვირეულები, როგორც სხვა მასშტაბური ღონისძიებები, განსხვავებული ფორმატით იმართება. დიზაინერებს ალტერნატიული გზების ძებნა უწევთ. მათ შორისაა ოლივერი, რომელმაც 5 ივლისს ბალმანის ოტ კუტიურ კოლექციის პრეზენტაცია პარიზში, მდინარე სენაზე მოაწყო. სენაზე ბალმანის წარმოდგენა საღამოს შვიდის ნახევარზე, ეიფელის კოშკიდან დაიწყო. ოლივერი გემზე 21 მოდელთან ერთად გამოჩნდა. რვა საათზე დიზაინერს და მოდელებს მომღერალი Yseult შეუერთდა, რომელმაც ბალმანის სამოსში პატარა წარმოდგენა გამართა.
ოლივერ რუსტანი: „პიერ ბალმანმა ბრენდი მეორე მსოფლიო ომის დროს იმედით შექმნა. ჩვენ ომში არ ვართ, მაგრამ პანდემიას ვებრძვით. ახლა მოდა რთულ მდგომარეობაშია. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და გვქონდეს მომავლის იმედი“.