2020 ბალენსიაგაში დიდი ცვლილებების წელია. პირველი დიდი სიახლე გახდა თითქმის 60 წლის განმავლობაში პირველი მაღალი მოდის (Haute Couture) ჩვენება, რომელიც პანდემიის გამო მომავალი წლის ივლისამდე გადაიდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბალენსიაგაში ჩვენებების კალენდარიც იცვლება. დემნამ ძირითადი Ready-to-Wear კოლექციების წარსადგენად დეკემბერი და ივნისი აირჩია, ხოლო პრე-კოლექციების საჩვენებლად – სექტემბერი და მარტი. ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩატარდება, ტრადიციული ორი ჩვენების ნაცვლად.

შესაბამისად, ბალენსიაგა წელიწადში სულ 5 კოლექციას შემოგვთავაზებს: 2 ძირითადი Ready-to-wear, 2 Pre Ready-to-wear და 1 Haute Couture.

esquireme.com

დიდი სიახლე, რომელიც დღეს გავრცელდა, არის ბრენდის მიერ See now, buy now სისტემის ნაწილობრივი ინტეგრირება. ყოველი კოლექციის 50%-ის შეძენა მომენტალურად იქნება შესაძლებელი, ხოლო 50% – ჩვენებიდან 6 თვის შემდეგ. ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს ბალენსიაგას დიზაინ გუნდს მეტი დრო ჰქონდეთ ძირითადი კოლექციების შესაქმნელად, ხოლო ბალენსიაგას მყიდველებს შესაძლებლობას მისცემს შეიძინონ სამოსი სეზონის შესაფერისად.

wwd.com

ასევე პრე და ძირითადი კოლექციები სხვადასხვა ფორმატში იქნება წარმოდგენილი, ბალენსიაგას CEO-ს სედრიქ შარბის თქმით, ფიზიკურ ჩვენებებზე მაქსიმუმ 700 ადამიანის დატევაა შესაძლებელი, ხოლო ვირტუალურ სამყაროში ჩვენება შესაძლოა მილიონობით ადამიანმა იხილოს. შარბიმ Financial Times-თან ახალ ინტერვიუში დემნასთან მუშაობაზეც ისაუბრა, “ძალიან მადლიერი ვარ, რომ მიწევს დემნასნაირი გონების მქონე ადამიანთან მუშაობა. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ.”

wwd.com

რამდენიმე წლის წინ, See now, buy now მოდელის ბუმი ვიხილეთ, რომელიც მეტწილად, სწორედ დემნა და გურამ გვასალიების მიერ ახალი მიდგომის დანერგვამ გამოიწვია, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ამ მოდელმა ბევრი კომპანიისთვის არ გაამართლა, შესაბამისად, მოდა კვლავ ძველი სისტემითა და კალენდრით მუშაობს. საინტერესოა, თუ რამდენად გაამართლებს 50/50 სისტემით მუშაობა და რამდენად მომგებიანი იქნება ბრენდისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ 2018 წელს თითქმის 1 მილიარდიანი ბრუნვა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბალენსიაგას გაზაფხული/ზაფხული 2021 წლის ჩვენება ინტერაქციული ფუტურისტული ვიდეოთამაშის Afterworld: The Age of Tomorrow-ის სახით ხვალ გავრცელდება.