„მე მიყვარს შინაური ცხოველები“ – ასე ჰქვია ბალენსიაგას ახალ კაფსულა კოლექციას, რომელიც საქველმოქმედო მიზნებისთვის შეიქმნა. ამ კოლექციით ფრანგული მოდის სახლი, რომელსაც ქართველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჰყავს, მხარს უჭერს საფრანგეთში ცხოველთა დაცვის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაცია La Société Protectrice des Animaux – ს.
როგორც Hypebeast – ის გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, კოლექციაში ჩვენ ვნახავთ ჩარმებს, საყურეებს, მხარზე გადასაკიდ ჩანთებს და ტანსაცმელს, რომლებზეც წარმოდგენილია იმ ცხოველების პრინტები, რომლებიც ბალენსიაგას თანამშრომლებმა გადაარჩინეს და ასევე ფრაზები: “I Love Cats,” “I Love Dogs,” “Meow” და “Woof Woof.” ნივთებზე ასევე შევხვდებით ტელეფონის ნომერს, რომელიც მათ მფლობელს ცხოველების აყვანასთან დაკავშირებით შექმნილ ცხელ ხაზზე გადაამისამართებს და სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის მისამართს, რომელზეც ცხოველების მიტოვების და შეფარების საკითხზე არის ინფორმაცია გამოქვეყნებული.
ძაღლებით და სხვა შინაური ცხოველების შთაგონებით შექმნილი მაისურებით, ჰუდებით, ჩანთებით და სამკაულებით დემნა გვასალია მხარდაჭერას გამოხატავს 1845 წელს დაარსებული La SPA – ს მიმართ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაა და რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით ცხოველს აღმოუჩინა დახმარება. “I LOVE PETS” კოლექციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ათი პროცენტი ამ ორგანიზაციას გადაერიცხება.