19 ნოემბერს ბალენსიაგამ შანხაიში 5 დღიანი გამოფენის გახსნა იზეიმა. ჩინელ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ პირადად დაეთვალიერებინათ დემნა გვასალიას ყველაზე ექსკლუზიური და ძვირადღირებული ნამუშევრები.
“ჩინეთის გავლენა ყველგან შესამჩნევია, ესთეტიკურად, ეკონომიკურად, თუ კულტურულად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინურ ბაზარზე წარმოდგენილი ვიყოთ,”
– სედრიქ შარბი, Balenciaga-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ჩინეთში ბალენსიაგას 39 მაღაზია ფუნქციონირებს, მათი უმრავლესობა 2015 წლიდან გაიხსნა, სწორედ მაშინ, როდესაც ბრენდს სათავეში დემნა გვასალია და სედრიქ შარბი ჩაუდგნენ. “ჩინეთის ბაზარი წამყვანია, როგორც ზომით, აგრეთვე შემოსავლებით,” აღნიშნავს სედრიქი და კიდევ უფრო ამტკიცებს იმ აზრზს, რომ მომავალში, ლონდონს, ნიუ-იორკს, მილანს და პარიზს შეუერთდება შანხაი, როგორც მოდის მეხუთე დედაქალაქი.
დემნა გვასალიამ პირველი “ოტ-კუტიურ” კოლექცია 2021 წლის ივლისში წარადგინა. პანდემიის გამო, ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოების რაოდენობა შეზღუდული იყო. ისტორიული მომენტის მომსწრე მხოლოდ 100 ადამიანი გახდა.
“რადგან ჩინელმა მომხმარებელმა ვერ შეძლო ევროპაში მოგზაურობა, ვიგრძენი, რომ ჩვენი მოვალეობა იყო ბალენსიაგას ოტ-კუტიურ კოლექციის ჩინეთში წარდგენა. ამაყი ვარ, რომ შემიძლია ბალენსიაგას კულტურის და მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი მომენტი ჩინელებს გავუზიარო,”
– დემნა გვასალია, Balenciaga -ს შემოქმედებითი დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ბალენსიაგას პირველი მასშტაბური ღონისძიება ჩინეთში და აგრეთვე პირველი შემთხვევა, როდესაც ბრენდმა “ოტ-კუტიურ” კოლექცია საფრანგეთის საზღვრებს გარეთ წარადგინა.