ფრანგული მოდის სახლის ცნობით, ქართველი კრეატიული დირექტორი თავის სადებიუტო კოლექციას 7 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს. მას შემდეგ, რაც 2020 წლის იანვარში, გვასალიამ Haute Couture კოლექციის ჩვენება დააანონსა, ბალენსიაგა მომენტალურად გახდა ბრენდი, რომლის ოტ კუტიურ შოუსაც მოდაში ყველაზე მეტად ელიან. გარდა იმისა, რომ ქართველ დიზაინერს, წარსულში, Couture კოლექცია არ წარუდგენია და დებიუტი ყოველთვის იწვევს ინტერესს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ მღელვარებას ქმნის ის ფაქტიც, რომ ეს იქნება ბალენსიაგას პირველი ოტ კუტიურ კოლექცია, 1968 წლის შემდეგ.
Ready-to-wear კოლექციებზე მოთხოვნის მატებიდან გამომდინარე, რომელიც შესამჩნევი გასული საუკუნის 1960-იანი წლების მიწურულს გახდა, კრისტობალ ბალენსიაგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 52 წლის განმავლობაში არ გადაუხედავთ. 1968 წელს, ბალენსიაგამ ოტ კუტიურ ატელიე დახურა და მას შემდეგ, ბრენდი ყოველდღიური ტანსაცმლის შექმნაზე გადაერთო.


აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიას პირველი ოტ კუტიურ კოლექცია გასული წლის ივლისში უნდა წარედგინა, თუმცა კოვიდ-პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენების თარიღმა ორჯერ გადაიწია. გამომდინარე აქედან, მოდის ინდუსტრია უკვე წელიწადნახევარია ელის ამ ჩვენებას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მღელვარებას და ინტერესს.
„Haute Couture-ზე ციფრულად ვერ იმუშავებ. ეს არის ის, რასაც ხელით უნდა შევეხო და ცოცხლად წარვადგინო, უბრალოდ ეკრანიდან ვერ ვაჩვენებ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ.“ – განმარტა ქართველმა დიზიანერმა 2020 წლის აგვისტოში, როდესაც ჩვენების ერთი წლით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
გასულ კვირას დადასტურდა, რომ პარიზში, ოტ კუტიურ მოდის კვირეული, რომელიც 5-8 ივლისს არის დაგეგმილი, არ იქნება ციფრული და ბრენდებს ფიზიკური ჩვენებების ცოცხალი აუდიტორიის წინაშე გამართვის საშუალება მიეცემათ. სწორედ ამ სიახლეს მოჰყვა ბალენსიაგას დღევანდელი განცხადება.

ექსკლუზიურად WWD – ისთვის გაკეთებულ განცხადებაში , აგრეთვე ვკითხულობთ, რომ კოლექციის ჩვენება გაიმართება კრისტობალ ბალენსიაგას თავდაპირველ სალონში, სადაც ლეგენდარული დიზაინერი თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ნამუშევრებს ქმნიდა. როგორც ფრანგული მოდის სახლი იუწყება, სივრცე, რომელიც პარიზში, 10 Avenue Georges V – ზე მდებარეობს, რესტავრირებულია და მზად არის ახალი სიცოცხლისთვის. ჯერ უცნობია, თუ რამდენი სტუმრის მიღებაა შესაძლებელი ისტორიულ ლოკაციაზე, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნისა, ეს არის იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც პანდემიამდელ რეალობაში, როდესაც ქართველი დიზაინერი ჩვენებაზე 600-მდე ადამიანს მასპინძლობდა.