„ბაბუშკა“ მომენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა. აბრეშუმის შარფს, რომელსაც თავზე იხვევენ და ყელზე კრავენ რუს ბებიებთან ასოციაციის გამო საერთაშორისოდ სწორედ ამ სახელით იცნობენ. ბაბუშკა კრისტოფერ კეინის, მერი ქათრანზუს, ბალენსიაგას და გუჩის პოდიუმისთვის კარგად ნაცნობი აქსესუარია. დიახ, ის მაღალი მოდის ნაწილი გახდა და მის პოპულარიზაციას სელებრითები აგრძელებენ. ამ სტილის თავსაბურავს ახლა არამარტო ასაკოვანი ქალები ირგებენ, არამედ ახალგაზრდა ქალებიც და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მამაკაცებიც. მართალია, ტენდენციის დაწყება დიდი ხნით ადრე რუს ბებიებს უნდა მივაწეროთ, მაგრამ უახლოესი წარსულიდან ამაში ეისაპ როკის შეტანილი წვლილიც აღსანიშნავია. რეპერი არამხოლოდ ატარებს ბაბუშკას, არამედ მასზე სიმღერებსაც წერს. 2018 წლის ნოემბერში ლოს ანჯელესში გამართულ LACMA-ის გალაზე ეისაპი გუჩის ბაბუშკათი გამოჩნდა და ეს წითელი ხალიჩიდან გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე დამასახსოვრებელი მომენტია, რომელსაც ისევ განიხილავენ.

კიდევ ერთი ცნობილი მამაკაცი, რომელიც ამ ტენდენციას მიჰყვა ფრენკ ოუშენია, რომელმაც იანვარში ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „FaceTimes in babushka“
თებერვალში, ვერსაჩეს ჩვენების დამთავრების შემდეგ კენდალ ჯენერი პაპარაცების ობიექტივში ბაბუშკათი მოექცა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯენერის სტილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი აქტიურად ადევნებს თვალს, ბებიებმა თანამედროვე სტილის განმსაზღვრელებს შორის თავიანთი სტატუსი გაიმყარეს.

აღნიშნული ტრენდის მიყოლის გამო ბოლოს ქლოე სევინი მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რამდენიმე დღის წინ მსახიობი მანჰეტენზე სიმონ როშას რაფლებიან ქურთუკთან, ჯინსის შარვალთან და ლოუფერებთან შეხამებული თავსაბურავით დააფიქსირეს პაპარაცებმა, მაგრამ ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ქლოეს ეს არჩევანი შესაძლოა სწორედ მათგან დამალვის სურვილმა განაპირობა და არა ბაბუშკას „გაჰაიპებამ.“

სინამდვილეში, ამ სტილით თავსაბურავებს არც ადრე ატარებდნენ მხოლოდ რუსი ბებიები. ძველი ჰოლივუდის ისეთი წარმომადგენლებიც კი, როგორებიც არიან: გრეის კელი, ელიზაბეტ ტეილორი, სოფი ლორენი და ოდრი ჰეპბერნი ხშირად ჩნდებოდნენ თავზე შეკრული შარფით.

რაც შეეხება ცნობილ ბებიებს, ვინც მათ შორის ყველაზე დიდებულია ისიც მრავალი წელია ატარებს ბაბუშკას და ის რუსი არ არის. საუბარია დედოფალ ელისაბედ მეორეზე, ყველაზე გავლენიან “ბაბუშკაზე.”
