Chanel ყოველთვის გამოირჩეოდა კინოსა და მუსიკის წამყვან ვარსკვლავებთან თანამშრომლობით. ამჯერად, მოდის სახლის ერთ-ერთ სახედ ახალბედა მსახიობი დასახელდა – Chanel-ის ბრენდ ამბასადორი ხმაურიანად დაანონსებული სერიალის, Gossip Girl-ის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, 18 წლის უიტნი პიკი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ Gossip Girl-ის ახალი ნაწილის პრემიერა 2021 წლის ბოლოს იგეგმება, სერიალის მიმართ დიდმა მოლოდინმა და HBO-ს აქტიურმა კამპანიამ განაპირობა ის, რომ მსახიობთა შემადგენლობა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამ კამპანიის პროცესში მნიშვნელოვნად არის ჩართული მოდის პრესა, რაც ბუნებრივია – შეუძლებელია Gossip Girl თავისი შინაარსისა და ბექგრაუნდის გათვალისწინებით, მოდასა და სტილთან არ ასოცირდებოდეს.
უიტნი პიკის პოპულარობა მისმა სტილმა და გამორჩეულმა გარეგნობამაც განაპირობა – კადრს მიღმა ფოტოების გავრცელებისთანავე, ის ინტერნეტ მომხმარებლისათვის ქასთის ერთ-ერთ გამოკვეთილ სახედ იქცა. სერიალის პრემიერის შემდეგ, მისი კარიერა კიდევ უფრო აქტიურ ეტაპზე გადავა, რასაც Chanel-ის ბრენდ ამბასადორის სტატუსი ნამდვილად შეუწყობს ხელს.