გლენ ლუჩფორდის გადაღებული პრადას პირველი კამპანია 1996 წელს გამოვიდა. ფოტოგრაფის ნამუშევრები ტიპურ მოდურ კამპანიას არ ჰგავდა, რადგან მათ ემოციურობა და კინემატოგრაფიულ ხედვასთან კავშირი გამოარჩევდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მდინარე ტიბრზე გადაღებული ემბერ ვალეტას კადრია, რომელზეც სუპერმოდელი ლუჩფორდის ობიექტივში ნავში პოზირებს.

Prada Autumn/Winter 1997 campaign, starring Amber Valletta,Photo: Glen Luchford
© IDEA

ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ლუჩფორდის გადაღებულმა პრადას კამპანიებმა საზოგადოება პირველად გააოცა. ახლა ამ არაჩვეულებრივ კოლაბორაციას ფოტოგრაფი IDEA -ს გამოცემული ახალი წიგნით – PRADA 96-98 by GLEN LUCHFORD, აღნიშნავს.

„ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წიგნია მათ შორის, რაც მოდის ფოტოგრაფიაზე გამოცემულა.“
– IDEA

© IDEA

ჯურნალი AnOther  წიგნში გამოქვეყნებულ ფოტოგრაფის ექსკლუზიურ ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც გლენი ბევრ საინტერესო საკითხს განიხილავს დაწყებული ინდუსტრიის ცვლილებიდან, დამთავრებული მიუჩია პრადასთან თანამშრომლობით.

ამონარიდები ინტერვიუდან

როდესაც პრადას ამ სურათებს ვუყურებ, ვაცნობიერებ, რამდენად შეიცვალა მას შემდეგ ინდუსტრია, რა სეისმური ცვლილება განიცადა ყველაფერმა. ეს საინტერესოა, რადგან მიუჩიამაც საკმაოდ სეისმური ცვლილება განახორციელა კომპანიაში, როცა რაფ სიმონსი დაიქირავა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს ერთი თავის დასასრულია, რა თქმა უნდა, ასევე ახლის დასაწყისსაც ნიშნავს.

Prada Autumn/Winter 1996 campaign, starring Willem Dafoe, Photo: Glen Luchford
© IDEA

დროის იმ მოკლე მონაკვეთში, როცა პრადასთვის ვმუშაობდი, ტექნოლოგიაში დიდი ცვლილებები ხდებოდა. როცა ეს საქმიანობა დავიწყე, კომპიუტერებს თუ ფოტოშოპს თითქმის საერთოდ არ ვიყენებდით და მერე ფოტოების ციფრულად გადაღება დავიწყეთ. ისინი, ალბათ, ორი წლით ადრე გადავიღე, სანამ მოდაში digital დაიწყებდა შემოსვლას – მახსოვს ბევრ კვლევას ვატარებდი და სათანადო აღჭურვილობის მქონე ადამიანებს ვეძებდი. ერთი ბიჭის მოძებნა მოვახერხეთ, ემილიანო გრასის, რომელიც ევროპაში მუშაობდა. მოვიდა და გამომიწოდა კამერა, რომელთანაც მრავალი რაღაც იყო დაკავშირებული. ასე მუშაობა სასწაულს ჰგავდა – წინა კამპანიებზე მუშაობა ძალიან, ძალიან ნელა მიმდინარეობდა. ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიც არის, გამოსახულებებს იმდენად ლაბორატორიული გზით ვანათებდით. თითოეულ კადრს ორი ან სამი საათი სჭირდებოდა, რომ განათებულიყო და იმ ეტაპამდე მომზადებულიყო, რომ პოლაროიდის მიღება შეგძლებოდა. ზოგჯერ უფრო მეტი – ოთხი და ხუთი საათიც კი იყო საჭირო.

Prada Spring/Summer 1997 campaign, starring Joaquin Phoenix, Photo: Glen Luchford
© IDEA

პრადას მეორე კამპანიისთვის, რომლისთვისაც ემბერ ვალეტა გადავიღე, ტექნოლოგიასთან მიმართებაში თითქოს დიდი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. სამხატვრო ხელმძღვანელმა დევიდ ჯეიმსმა სატვირთო დაიქირავა, რომლითაც კომპიუტერები მოიტანა. ამან საშუალება მოგვცა პოლაროიდებს დავკვირვებოდით, მონახაზი გაგვეკეთებინა და ლოგო განგვეთავსებინა. ასეთი შესაძლებლობა გადაღებაზე პირველად მომეცა. ეს თითქოს მართლა უდიდესი წინსვლა იყო – კამპანიის მსვლელობის დანახვა შევძელით. ნუ დაგავიწყდებათ, ეს 24 წლის წინ იყო. მაგრამ, ბოლო კამპანიის შემთხვევაში, ინდუსტრიამ სრული რევოლუცია განიცადა – ყველაფერი უკვე ციფრული იყო.

Prada Spring/Summer 1997 campaign, starring Amber Valletta, Photo: Glen Luchford
© IDEA
Contact sheet © IDEA

დიახ, მათ კინემატოგრაფიულად ვხედავ. მაგრამ მე ნარატივებს არ ვქმნიდი. უბრალოდ გონებაში ის ფილმები და სცენები მქონდა, რომლებიც ჩემზე ყოველთვის ახდენდა გავლენას და მინდოდა ისინი მოდურ კონტექსტში ხელახლა წარმომედგინა – სულ ეს იყო, არაფერი უფრო კომპლექსური ან ინტელექტუალური.

Prada Autumn/Winter 1997 campaign, starring Norman Reedus, Photo: Glen Luchford
© IDEA

შეხვედრაზე არ მეგონა, რომ მიუჩია რამეზე წამომყვებოდა, მაგრამ მის პასუხს ჩემზე ისეთი დოპინგის ზემოქმედება ჰქონდა, რომ როცა თვითმფრინავში სახლში დასაბრუნებლად ჩავჯექი ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ის მოხიბლული იყო მთელი ამ იდეით – ამიტომ გამიჩნდა სურვილი, სახლში წავსულიყავი, უფრო მეტი გამეკეთებინა, უკეთესი ვყოფილიყავი და კიდევ უფრო მკაფიო აზრებამდე მივსულიყავი. ამის საშუალებას ბიუჯეტიც იძლეოდა – ემბერის ამ ნავის კადრისთვის მდინარე ტიბრის ნაწილი გადავკეტეთ. წარმოგიდგენიათ ახლა რომის მთავარი მდინარის გადაკეტვა?

Prada Autumn/Winter 1997 campaign, starring Amber Valletta, Photo: Glen Luchford
© IDEA

„მახსოვს, ბევრმა, ვისთან ერთადაც დავიწყე ამ სფეროში მუშაობა, ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება, ისინი ბევრ მნიშვნელოვან კამპანიას იღებდნენ, ჩემ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. ამიტომ, როცა პრადას სახით ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, ძალიან მადლიერი ვიყავი – უნიკალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, სადაც მიუჩია პრადას სახით გასაოცარი ქომაგი მყავდა. როცა მასთან შესახვედრად მივდიოდი, მეგონა, ვეტყოდი, რომ მართლა მინდოდა ამის გაკეთება, მოვუყვებოდი ყველა ამ ფილმზე და მეტყოდა, რომ გიჟი ვიყავი, სტუდიაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ასე არ მოქცეულა. კიდევ უფრო მეტის გაკეთებისკენ მიბიძგა. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მიუჩიასთვის ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოდა – თუმცა მას ეს არასდროს უთქვამს, მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ფანტასტიკური საუბრები გვქონდა. და რაც უფრო შორს წახვიდოდი, მისი მღელვარებაც მატულობდა.“