მაღალი მოდის ფრანგული კონგლომერატი Kering, კორპორაციების ინდექსის გლობალური შეფასების შედეგად, ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიებს შორის მოხვდა. კონგლომერატი ზოგად რეიტინგში მე-7 ადგილზე, ხოლო კონკრეტულად ტანისამოსის წარმოების კატეგორიაში, პირველ ადგილზე დასახელდა. Kering დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტალის მფლობელი მოთამაშეა მოდის ინდუსტრიის კომერციულ ბაზარზე – ის ფლობს ისეთ ბრენდებსა და მოდის სახლებს, როგორებიც არის Gucci, Bottega Veneta, Balenciaga, YSL. კონგლომერატს ფრანგი ბიზნესმენი, ფრანსუა პინო ფლობს.

შეფასების პროცესში, მსოფლიოს მასშტაბით 8,000-ზე მეტი კომპანია განიხილებოდა. ასეთ დროს, ინდექსის მინიჭება ხდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიც არის წარმოების წყაროები, გარემოზე ზრუნვა, საკადრო და ფინანსური მენეჯმენტი, ასევე ინვესტიციები და მომარაგების სტრატეგია. Kering უკვე მრავალი წელია სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად განიხილავს. ჯერ კიდევ 2011 წელს, კომპანიამ შეიმუშავა გარემოზე ზრუნვისა და მასზე გავლენის შეფასების სტრატეგია, რომელიც ნაკლებ დანაკარგს და მაქსიმალურად ეკომეგობრულ ოპერირების სქემას გულისხმობს. Kering-მა დაიწყო კომპანიის მხრიდან გარემოზე ზემოქმედების მუდმივი მონიტორინგი და ოფიციალურ გეგმად გამოაცხადა, რომ ეს გავლენა 2025 წლისათვის, კიდევ 40%-ით უნდა შემცირდეს.

Kering-თან ერთად, სიაში ასევე შევიდნენ კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მათ შორის ტექნოლოგიური სექტორიდან. რაც შეხება გლობალური ინდექსის მინიჭების სისტემას, ამ პროცესს სათავეში უდგას სპეციალური უფლებამოსილების მფლობელი, ავტორიტეტული ორგანიზაცია Corportate Knight.