2021 წლის სექტემბერში Vogue თემად “ახალ დასაწყისს” ირჩევს, რომელიც 27-ვე ქვეყნის გამოცემის გარეკანზე სიმბოლურად მზის ამოსვლის სხვადასხვა ინეტრპრეტაციით გამოიხატება. მოდა ახალ რეალობაში აღმოჩნდა, “მოდის ბიბლიაში” დიდი ცვლილებებია, ახალი დასაწყისი კი გლობალურია.

მოდაში ახალი წელი სექტემბერში დგება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ თვისთვის მიძღვნილი ნომრებია, თუმცა ვოგის შემთხვევაში 2021 წლის სექტემბერი სხვა დატვირთვასაც ატარებს. ის პირველად გვიქმნის სრულყოფილ წარმოდგენას თუ რას ნიშნავს ის ახალი მოდელი, რომლის მორგებაც მასზე მას შემდეგ დაიწყო, რაც Condé Nast-მა თავისი ამერიკული და საერთაშორისო გამოცემები ერთიან პოლიტიკისა და სარედაქციო ღირებულებებს დაუქვემდებარა. ახალი მიმართულების გეზის განმსაზღვრელი ანა ვინტურია, რომლის გავლენის საზღვრებიც კიდევ უფრო გაფართოვდა, როცა საერთაშორისო სარედაქციო პოლიტიკასა და მასალაზე გახდა პასუხისმგებელი. გასულ წელს ვინტური Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსადაც დაინიშნა, გარდა The New Yorker-ისა.

მას შემდეგ, რაც Condé Nast-ში მიმდინარე ცვლილებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, საზოგადოებისთვის ნათელი იყო ზოგადი რაკურსი. მალე ყველაფერი უფრო გასაგები გახდა – ვოგი გლობალური გახდა.

Vogue სექტემბერი 2021

2020 წლის სექტემბერში ჟურნალის 128 წლიან ისტორიაში პირველად „უნივერსალური თემა“ შეირჩა, რომლის გარშემოც ყველა საერთაშორისო გამოცემა გაერთიანდა. პანდემიის მძვინვარებისას არჩევანი ბუნებრივი იყო – თემას “იმედი” წარმოადგენდა. იგივე განმეორდა მოდური ჟურნალებისთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვან თვეშიც – მარტში. შედეგად ვოგის 27 გამოცემა „შემოქმედებითობაზე“ კონცენტრირდა.

ვოგში დაიწყო რეგიონალური რედაქტორების დანიშვნაც. ევროპული გამოცემების ზოგადი სარედაქციო კურსის ხელმძღვანელად ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი ედვარდ ენინფული დასახელდა, ტაივანის გამოცემის მთავარი რედაქტორი ლესლი სანი კი – იაპონიისა და ინდოეთის. იგეგმება კონტენტის რეგიონალური ხელმძღვანელების დანიშვნაც, იტალიაში აღნიშნული პოზიცია უკვე დაიკავა ფრანჩესკა რაგაციმ, ესპანეთში კი – ინეს ლორენცომ. დამატებითი როლები მოირგეს ჟურნალის სხვა თანამშრომლებმაც, მათ შორის ამერიკული ვოგის ვირჯინია სმიტმა, კამილა ნიკერსონმა და ალექს ჰარინგტონმა. ვირჯინია სხვადასხვა ბაზრებსა და პლატფორმებზე მოწყობილ გადაღებებზე გახდა პასუხისმგებელი, კამილა და ალექსი კი მოდაში შემოდგომასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე ფოკუსირდნენ.

ერთი წლის განმავლობაში ვოგის გერმანული, ინდური, იაპონური, ესპანური და იტალიური გამოცემების მთავარმა რედაქტორებმა დატოვეს დაკავებული თანამდებობები. გავრცელებული ხმების თანახმად, სხვა რედაქტორების წასვლასაც უნდა ველოდეთ. ამავე პერიოდში ჩინური ვოგის მთავარ რედაქტორად 27 წლის მარგარეთ ზენგი დაინიშნა, რომელიც მოდის ბიბლიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც ეს თანამდებობა დაუკავებია. ის აგრეთვე პირველია ამ პოზიციაზე, ვისაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. 

Vogue China სექტემბერი 2021 – მარგარეთის მთავარი რედაქტორობით გამოცემული პირველი ნომერი

მთავარი მახასიათებელი, რაც ვოგის 2021 წლის სექტემბრის ნომერს სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს არის ვრცელი საერთო კონტენტი. ახალი სტრატეგიული მიმართულების მაგალითი აქამდეც ვიხილეთ, მაგალითად, როცა ივლისის თვისთვის Vogue-ის იაპონურ და მექსიკურ გამოცემებს ერთობლივი კონტენტი ჰქონდათ და მიკა არგანარაზი Inez & Vinoodh -ის ობიექტივში წარმოდგვიდგინეს, თუმცა ამჯერად ამ იდეის მასშტაბები გაცილებით ფართოა.

თითოეულ ქვეყანაში ნომერი ბაზრის შესაბამისი და ერთმანითსგან განსხვავებული ყდით გამოვა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვოგის მკითხველები ბევრ ერთსა და იმავე მასალას წააწყდებიან. “ეს ნომერი ‘სთორითელინგისადმი’ ჩვენს ახალ კოლაბორაბორაციულ მიდგომას წარმოაჩენს. მასზე რედქტორები მთელი მსოფლიოს გარშემო გლობალური აუდიტორიის თვალსაწიერში ქონით ერთად მუშაობდნენ,” – განაცხადა ანა ვინტურმა.

Tags :