Vetements-ის პირველმა ჩვენებამ გასული ათწლეულის მოდა განსაზღვრა. დღევანდელი გადმოსახედიდან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მომენტი, რომელმაც თანამედროვე მოდა სამუდამოდ შეცვალა.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ბრენდმა, რომელსაც დაარქვეს უბრალოდ „ტანსაცმელი“ მონოტონურ მოდის ინდუსტრიას გაახსენა, რომ მოდის ბრენდი/დიზაინი არ არის მხოლოდ მაღალი ხარისხით და პროფესიული სიზუსტით შესრულებული მშვენიერი ტანსაცმელი, მას ბევრად მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პარადოქსულმა და ირონიულმა სახელწოდებამ ბრენდის თავდაპირველ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, “Vetements” ხშირად გამხდარა თავის ტკივილიც. ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 2020 – 2021 წლებში გახდა, როდესაც Vetements – ის მფლობელობაში შეიქმნა ახალი ბრენდი – “VTMNTS”.

გურამ გვასალიას ხელმძღვანელობით, ბრენდმა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურები გაიარა სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში, მათ შორის: ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, შვეიცარიაში, სინგაპურში. ბრენდმა ინტელექტუალური საკუთრება მოიპოვა შემდეგ სახელწოდებაზე – “VTMNTS”. როგორც მოდის პრესის სანდო და გავლენიანი გამოცემები WWD, Fashion Network, Paper Magazine აღნიშნავდნენ, ბრენდს დიდი სირთულეები შეექმნა “Vetements”-ზე უფლების მოპოვებისას, გამომდინარე იქიდან, რომ Vetements ფრანგული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც “ტანსაცმელი”.

აშშ-ის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის სამსახურმა, ბრენდს Vetements-ის ლოგოზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება არ მიანიჭა, იმ მიზეზით, რომ ზოგადი აღწერილობითი, ფართო გამოყენების ერთი სიტყვა („ტანსაცმელი,“ „სამკაული“, „ფეხსაცმელი“ და ასე შემდეგ) ვერ გახდება კონკრეტულად ერთი ბრენდის საკუთრება.

Tags :