იტალიელმა მოდის დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ მილანსა და პარიზში დაგეგმილი ჩვენებების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზი გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ამჯერად არმანი უარს ამბობს კოლექციების ციფრულად წარდგენის ალტერნატივაზეც.
Giorgio Armani შემოდგომა/ზამთარი 2021 © Vogue Runway
“სამწუხარო გადაწყვეტილება გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო იქნა მიღებული,” – აღნიშნულია არმანის მოდის სახლის გამოქვეყნებულ განცხადებაში. “როგორც დიზაინერმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, ჩვენებები უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელია, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება კვლავ პრიორიტეტი უნდა იყოს.”
მიმდინარე თვეში არმანის სამი ჩვენება უნდა გამართულიყო. 15 და 17 იანვარს მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში Emporio Armani-ის და Giorgio Armani-ის კაცის ახალი კოლექციების პრეზენტაციები იყო ჩანიშნული, ხოლო 25 იანვარს, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში, Armani Privé-ის შოუს მოწყობა იგეგმებოდა.