ტიმ ბლანქსთან ახალ ინტერვიუში, იტალიური მოდის სახლის პრეზიდენტმა და შემოქმედებითმა დირექტორმა, რომელიც ბრენდს უკვე 24 წელია ხელმძღვანელობს, გაამხილა, რომ მისონის მთავარი შემოქმედის თანამდებობას ტოვებს.
2018 წელს, Missoni -ის 41% წილი იტალიურმა კომპანიამ, FSI – იმ შეიძინა. 2 წლის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პირველი ლოქდაუნის პარალელურად, ბრენდის აღმასრულებელ დირექტორად Livio Proli დაინიშნა. როგორც ანჯელა მისონი აღნიშნავს, რთული და გამოწვევებით სავსე 2020 წლის შემდეგ, ის დარწმუნდა, რომ ახალი გუნდი ღირსეულად შეძლებს Missoni -ის განვითარებას.
„იყო მომენტები, როდესაც ანერვიულებული ვიყავი, მაგრამ ახლა, უეცრად, მშვიდად ძილი კვლავ შემიძლია,“ – ამბობს ანჯელა მისონი.
აღსანიშნავია, რომ ანჯელა თავისი ოჯახის ბიზნესს მთლიანად არ ეთიშება, ის რჩება ბრენდის პრეზიდენტის თანამდებობაზე.



რაც შეეხება შემოქმედებით დირექტორს, მომავალი სეზონიდან, ბრენდის კოლექციებზე, სარეკლამო კამპანიებსა და იმიჯზე პასუხისმგებელი იქნება ალბერტო კალირი, დიზაინერი, რომელსაც Missoni-ში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.