ანტვერპენში Ann Demeulemeester-ის მთავარი მაღაზია ხელახლა გაიხსნება. WWD-ის გავრცელებული ინფორმაციით, სივრცის რედიზაინზე ბრენდის დამფუძნებლის ქმარმა პატრიკ რობინმა იმუშავა. მაღაზიის კარები კვლავ 2 სექტემბრიდან გაიღება.

© Victor Robyn / Ann Demeulemeester

2013 წელს მედიის წარმომადგენლებმა მეილით მიიღეს ხელნაწერი, რომელიც მათ ანტვერპენის ლეგენდარული ექვსეულის ერთ-ერთი წევრის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ამცნობდა: „ჩემი პირადი ცხოვრებისთვის და ბრენდისთვის ახალი ეტაპი იწყება. ვგრძნობ, რომ დროა ჩვენი გზები გაიყოს.“ Ann Demeulemeester-მა ბრენდი, რომელსაც 1985 წლიდან აშენებდა დატოვა და მოდის ინდუსტრიაში საქმიანობა შეწყვიტა. მოდის სახლი 2020 წელს Antonioli-მ შეიძინა, რასაც წინ უსწრებდა კრეატიული დირექტორის Sébastien Meunier-ის მიერ პოსტის დატოვება. ბრენდში ახალი თავი იწყება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ანტვერპენის მთავარი მაღაზიაა.

ქალაქის პრესტიჟულ შემოგარენში, მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში აგებულ შენობაში, რომელიც თავდაპირველად მეზღვაურებისთვის სასწავლებლის ფუნქციას ითავსებდა, ადგილი ბელგიელი დიზაინერის შემოქმედებას 1999 წლიდან ეთმობა.

“ჩემი მისია ბრენდის ეთოსის შენარჩუნებაა, ამაში კი მაღაზიას მნიშვნელოვანი როლი აქვს,” – განაცხადა კლაუდიო ანტონიოლიმ. “ანტვერპენი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის მხიბლავდა. მიხარია, რომ ვაბრუნებ ადგილს, რომელიც Ann Demeulemeester-ის სამყაროს ეპიცენტრს წარმოადგენს.”

© Victor Robyn / Ann Demeulemeester

რობინი, რომელიც თვლის, რომ შოპინგი “ძალიან ინტიმური, ემოციური” მომენტია, კომფორტული გარემოს და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას შეეცადა. აღდგენილ სივრცეში ჭერი და ორიგინალი ხის იატაკი შავად შეიღება, კედლები კი მხატვრის სადა ტილოებით გაფორმდა. მაღაზიის ორივე სართულისთვის ავეჯის შექმნაზეც პატრიკმა იზრუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ბრენდის სამოსისა და აქსესუარებისა, მაღაზიაში თავად Ann Demeulemeester-ის შექმნილი ჭურჭელიც იქნება წარმოდგენილი, რომელსაც Serax აწარმოებს.