1995 წელს Victoria’s Secret-ის ხელმძღვანელებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ყოველწლიური სანახაობრივი შოუების გამართვა დაიწყეს. ბრენდის სპეციალურ კოლექციას, მუსიკალური გაფორმების თანხლებით, რჩეული მოდელები – ე.წ. “ანგელოზები” წარადგენდნენ. “Victoria’s Secret-ის შოუ” 2000 იანების პოპ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა, 2019 წელს გამართული ჩვენება წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგით შეფასდა. როგორც აღმოჩნდა Victoria’s Secret-ისათვის, ეს ამ ფორმატში ბოლო სანახაობრივი შოუ იყო.
რამდენიმე სააათის წინ, Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რამაც კომპანიის მომავალი სრულად უნდა შეცვალოს.
Victoria’s Secret-ში “ანგელოზების” ეპოქა დასრულდა. თუ ბრენდის საქმიანობას და მარკეტინგულ პოლიტიკას აქამდე ხშირად უკავშირენდნენ გარეგნობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების გავრცელებას, ამჯერად VS-მა გადაწყვიტა თავის პოლიტიკაში ქალების გაძლიერების მიმართულება აქციოს პრიორიტეტად.
კომპანიამ “ანგელოზების” ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად, ორი ახალი ინიციატივა წარდგინა. Victoria’s Secret Collective და Victoria’s Secret-ის გლობალური ფონდი ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ – სწორედ ამ ორი ახალი პროექტით იწყებს ბრენდი ახალ ეტაპს. Victoria’s Secret Collective გააერთიანებს ცნობილ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების დამკვიდრებასთან და აქტივიზმთან არიან დაკავშირებული. ისინი Victoria’s Secret-ის ერთგვარი ამბასადორები იქნებიან. კოლექტივის წამყვან სახეებს შორის არიან პრიანკა ჩოპრა, ადუთ აკეჩი და ამერიკელი ფეხბურთელი ქალი – მეგან რაპინოუ.

რაც შეეხება კიბოსთან ბრძოლის ფონდს, The Victoria’s Secret Global Fund for Women’s Cancer ყოველწლიურად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს გაიღებს. გარდა კიბოსთან ბრძოლისა, ფონდი ფოკუსირდება რასობრივ და გენდერულ თანასწორობაზე და ამ მიმართულებით წარმართავს ცნობადობის ასამაღლებელ კამპანიებს.
Victoria’s Secret-ის ისტორიის გათვალისწინებით, ბრენდის სტრატეგიის ასეთი ცვლილება საზოგადოებისა და საერთაშორისო მედიის ნაწილისათვის გარკვეულ ეჭვებს აჩენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის იდეა თანამედროვე სამყაროში ხშირად გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისათვის, შესაძლოა VS-ის შემთხვევაშიც ეს რეალობა მივიღოთ. ვარაუდის ლეგიტიმურ საფუძველს ამყარებს ისიც, რომ ეს რებრენდინგი კომპანიის დიდ ფინანსურ ჩავარდნას და “ანგელოზების შოუს” რეიტინგის დაცემას მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს Victoria’s Secret და რამდენად შეძლებს კრიტიკული აზრის პირობებში, ახალი ინიციატივებით ეთიკის მაღალ სტანდარტებს მოერგოს.