საკაი და ნაიკი ახალი კოლექციისთვის გაერთიანდნენ
აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა საკაის და ნაიკის ახალი კოლაბორაციის სახეა. საკაი იაპონური ბრენდია, რომელიც დიზაინერმა ჩიტოში აბემ დააარსა. ოსაკა ამერიკის ღია პირველობაზე იაპონიას წარადგენდა. კოლექცია სპორტულ ტანისამოსს მოიცავს და გაყიდვაში 12 სექტემბერს ჩაეშვება.
“Stella x Taylor Swift”
“Stella x Taylor Swift” პირველი თანამშრომლობაა ბრიტანელ დიზაინერ, სტელა მაკარტნსა და ამერიკელ მომღერალ, ტეილორ სვიფტს შორის. მომღერალმა თანამშრომლობა ივნისის დასაწყისში დააანონსა. თანამშრომლობის შედეგის ამსახველი პირველი ფოტოები კი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. კოლექცია გაყიდვაში 23 აგვისტოს გამოვიდა, ნიუ-იორკში ტეილორის პოპ-აპ მაღაზიებში.
სელინი ედი სლიმანის მიერ შექმნილი სუნამოების ახალ კოლექციას უშვებს
გასულ კვირას ბრენდმა ინსტაგრამის საშუალებით დააანონსა, რომ სუნამოების ახალ კოლექციას გამოუშვებდა. როგორც ცნობილია, სუნამოები გაყიდვაში ოქტომბერში ჩაეშვება. კოლექცია 11 სუნამოსგან შედგება.
მილი ბობი ბრაუნი საკუთარი სილამაზის ხაზს გამოუშვებს
სელებრითები აქტიურად ერთვებიან სილამაზის ბიზნესში. მათ რიცხვს 15 წლის მსახიობი და “Stranger Things”-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნიც შეუერთდება, რომელმაც გადაწყიტა საკუთარი სიალამაზის ხაზი შექმნას. ბრენდს მილის ბებიის სახელი “Florence” ერქმევა. როგორც ცნობილია, პროდუქციის ფასები 10$-34$ მერყეობს და საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ანა ვინტურს კონდე ნასტში კიდევ ერთი ახალი სამსახური აქვს
ამერიკული ვოგის მთავარ რედაქტორს, ანა ვინტურს, რომელიც კონდე ნასტის მოდის ხელმძღვანელის და შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობებსაც ითავსებს, კიდევ ერთი სტატუსი შეემატა – გლობალური კონტენტის მრჩეველი, რაც ნიშნავს, რომ ვინტურის გავლენა საერთაშორისო ვოგზეც გავრცელდება.
ბულგარი და ალექსანდერ ვენგი ჩანთების კოლექციის შესაქმნელად თანამშრომლობენ
სამკაულებისა და სუნამოების ბრენდმა ბულგარიმ ამერიკელ დიზაინერთან ალექსანდერ ვენგთან თანამშრომლობით ჩანთების კოლექცია შექმნა. კოლექცია 6 განსხვავებული სტილის ჩანთისგან შედგება და მას რეკლამას ჰეილი ბიბერი უწევს.
მეგან მარკლი ტანსაცმლის საქველმოქმედო ხაზზე მუშაობს
სასექსის ჰერცოგინია, რომელმაც ცოტახნის წინ ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრის მიწვეული რედაქტორის როლი შეითავსა, მოდური ხაზის გამოშვებას გეგმავს. ბრენდი საქველმოქმედო ხასიათის მატარებელი იქნება. Smart Works Charity – სთან თანამშრომლობით, მეგან მარკლი შექმნის და გაყიდის ტანსაცმელს, საიდანაც შემოსული თანხა უმუშევარ ქალბატონებს მოხმარდებათ. Smart Works სამსახურის ძიებაში იმ ქალბატონებს ეხმარება, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ უმუშევრები და ძალიან უჭირთ ახალი საქმიანობის დაწყება.
სელენა გომეზი სილამაზის ხაზს გამოუშვებს
უკანასკნელი, რაც მსოფლიოს 2019 წელს ჭირდება? კიდევ ერთი სილამაზის ბრენდი ვარსკვლავისგან. ცხადია, თუმცა ვარსკვლავები გაჩერებას მაინც არ აპირებენ. ამერიკელი პოპვარსკლავი, სელენა გომეზი საკუთარ სილამაზის ხაზზე მუშაობს. სელენას სამეწარმეო კომპანიამ 11 ივლისს ბრენდი “Selena Gomez” უკვე დაარეგისტრირა. როგორც ცნობილია ხაზი მაკიაჟის პროდუქტების გარდა თავის მოვლის საშუალებებსაც მოიცავს.