“არ მჯერა დამთხვევების, არც ლის სჯეროდა. ამიტომ, როდესაც ჰარპერს ბაზარმა მთხოვა მესაუბრა ჩემს ცხოვრებაზე ლი ალექსანდრ მაკქუინთან ერთად, 2011 წლის 17 მარტს–ზუსტად ლის 42-ე დაბადების დღეზე–მქონდა შეგრძნება, თითქოს ჩემი ენერგია ღვთაებრივ ძალად გარდაიქმნა. ლი იმდენად ბნელი, რამდენადაც მომენტებში შეეძლო ყოფილიყო, ყოველთვის მოდის და ხალხის მიღმა იყურებოდა. ვარკვლავებსაც შესცქეროდა.
მარტის ბოლო ჩემი საყვარელი წელიწადის დრო იყო. პარიზში, ლის შოუს მღელვარების (და სტრესის) შემდეგ ორივეს დაბადების დღეებისთვის შვებულებას ვგეგმავდით; მისი დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ დავიბადე. ზოგჯერ მალდივებზე, ალპებზე ან ტაილანდში დელფინებთან ერთად საცურაოდ მივდიოდით. ერთ-ერთი ვიზიტისას, ზღვაში ღრმად ჩავყვინთეთ, რაც ლის მოსწონდა, იქ ნახა თავისი ბოლო შოუებისთვის შთაგონება, მკაფიო ფერების კაშკაში, მაგალითად, ოკეანის ფსკერზე მყოფი ეგზოტიკური თევზის.

Alexander McQueen Spring/Summer 2010

წყლის სიღრმეში სხვა სამყარო ნახა, მისთვის იქაურობა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ადგილი იყო. ამ წელს, მისი დაბადების დღის მის გარეშე აღნიშვნა განსაკუთრებით რთული იყო. ბევრი არაფერი მახსოვს გასულ წლის ამ პერიოდიდან–მისი გარდაცვალების, დაბადების დღის და დაკრძალვის დღეები. თითქოს კომაში ვიყავი. მხოლოდ იმ პერიოდის გახსენება შემიძლია, როდესაც ქეით მოსმა და ჯეიმი ჰინსმა ჩემი დაბადების დღე მოაწყვეს. განსაკუთრებული სიმღერა იმღერეს სიყვარულზე და დანაკარგზე, რომელიც ერთად დაწერეს. ეს ძალიან ტკბილი, ძალიან პირადული იყო და უბრალოდ ის, რაც მჭირდებოდა. ეს იყო მხოლოდ სამი ჩვენგანი და არასოდეს დამავიწყდება.
ლის გარდაცვალების წინა დღე მის სახლში გავატარე. დედამისის, ჯოისის, გარდაცვალების შემდეგ ყველა დღეს ერთად ვატარებდით და მისი ჩვენების შემდეგ ისევ შვებულებას ვგეგმავდით ჩვენი დაბადების დღეებისთვის. კაიტსერფინგზე წასვლა უნდოდა. დედამისისთვის [რომელიც ერთი კვირით ადრე მოკვდა], ყვავილები ჰქონდათ მოტანილი, თუმცა ლის არც ერთი ბარათი არ ქონდა წაკითხული, ამიტომ მე მთხოვა მათი წაკითხვა და ასეც მოვიქეცი და რამდენიმე პოემა წავუკითხე. შემდეგ სახლში წავედი. 

Alexander McQueen Spring/Summer 2010


მეორე დღეს, მაშინ როცა მომხდარი გაიგეს, მისი პირადი ასისტენტისგან შეტყობინება მივიღე. ლი მუდმივად ებრძოდა თავის დემონებს; საშინელი ღამეების და მომენტების გადატანა უწევდა. გარკვეული პერიოდი, ჩვენი მოგზაურობები, საკუთარი თავების გადარჩენა იყო; გავრბოდით მალდივებზე ან ესპანეთში მდებარე ჩემი მშობლების სახლში. დედაჩემს უყვარდა ლი. [ლი] მიდიოდა და ყვავილებზე ელაპარაკებოდა ან [დედა] მიდიოდა მის სანახავად ღვინის ბოთლით. ზოგჯერ მგონია, დედაჩემი მე და ჩემს დას გაგვყიდდა, ოღონდ ლი ჰყოლოდა შვილად! 

Alexander McQueen Spring/Summer 2010


ის სატელეფონო ზარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი იყო. ლი შემპირდა, რომ არასოდეს გააკეთებდა იმას, რაც იზაბელა [ბლოუმ] ჩაიდინა. თუმცა ვინ იცოდა რა ხდებოდა მის გონებაში, რასთან იყო გარიგებული? დედამისი ახალი გარდაცვლილი იყო, მისი ყველაზე უფროსი ძაღლი მინტერიც კიბოთი გარდაიცვალა და თავად ემოციურ დეფიციტს განიცდიდა. რისი დაჯერებაც არასოდეს მინდოდა, სწორედ ის მოხდა. ვერავინ გაიგებს როგორ დაიგეგმა ის ღამე. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ მან უკვე იცოდა ამას რომ გააკეთებდა, თუნდაც ქვეცნობიერად. ორი დღით ადრე, თავისი საფულე მომცა, მიხსნიდა, რომ ახალი უნდოდა. მომცა ძაღლთან ერთად გადაღებული თავისი ფოტო და კიდევ სხვა რაღაცები, იმის მიუხედავად, რომ ვუთხარი არ მინდა მეთქი. რამდენიმე წერილი დაწერა თავის ძაღლებზე. იქნებ იმ ღამეს რომ არ დამეტოვებინა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ჩემმა ერთმა ნაწილმა იცის, რომ რაც უკვე მოხდა, იმას ვერავინ შეცვლის. ლიმ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

Alexander McQueen Spring/Summer 2010


პირველ რიგში, იმიტომ რომ ამის გადატანა უფრო ადვილი ყოფილიყო, ყველაფერი შევფუთე, რაც მან ჩემთვის გააკეთა, რადგან არ შემეძლო მათი ყურება. ჩემთვის და ლისთვის სამოსი მოგონებასთან ასოცირდება. ისინი ისტორიაა. ლი სულ მეუბნებოდა, რომ მოსწონდა, როდესაც მის ტანსაცმელს ვატარებდი, რადგან იცოდა, როდესაც ისინი ჩემზე იყო თავგადასავალი მოელოდათ. ვიხედებოდი ჩემს გარდერობში და შემდეგ ვეკითხებოდი, „რატომ არ ხარ აქ, შე სულელო სოდომისტო?“
თვეების შემდეგ, ისინი ამოვიღე და ისევ დავიწყე მათი ტარება. მიუხედავად იმისა, რომ ის წასულია, შემიძლია მისი არსებობა ვიგრძნო. ახლა თავს პატივცემულად ვგრძნობ მათი ტარება რომ შემიძლია და მისი ამდენი ნამუშევარი რომ მაქვს. ნამდვილი პრივილეგიაა, იყო პატარა კონტეინერი, რომელიც მის შემოქმედებით ტალანტს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

Alexander McQueen Spring/Summer 2010


ლი მორცხვი იყო. მგონია, რომ ნებისმიერმა, ვინც კი მას ოდესმე შეხვედრია, იცოდა რომ ის მორცხვი იყო. ზოგჯერ მე მთხოვდა მის მაგივრად მელაპარაკა ვინმესთან, რასაც სიამოვნებით ვაკეთებდი. ხალხი მას უკმეხად მიიჩნევდა, როდესაც ღონისძიებაზე არ ჩნდებოდა–დამიჯერეთ, არაჩვეულებრივ წვეულებებზე უფრო მეტი ცარიელი ადგილი იყო ჩვენი სახელებით, ვიდრე სავსე–რადგან სახლში დარჩენას ამჯობინებდა. 
მაშინ როდესაც ზოგ ადამიანს ახლოსაც არ უშვებდა, სხვებს ხელის გულზე ატარებდა. თუ ლის ისტორიას გადახედავთ, ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სულ მასთან იყვნენ: შონ ლინს, ქეით მოსს, დაფნე გაინესს, ნაომი ქემბელს, ფილიპ ტრეისს, ედუარდ ენინფულს, მთელ მის გუნდს. არსებობს ლოიალურობის ინტენსიური ოდენობა, რომლითაც გენიოსია გარშემორტყმული. სარა ბარტონი ლის ცხოვრებაში ჩემზე ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა. მისთვის რთული იყო მისი საქმიანობის გაგრძელება, თუმცა მთელს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ეს შეეძლო. თუ სხვა აირჩეოდა, გავაპროტესტებდი. ის მისი პროტეჟე იყო–ლიმ ასწავლა ჭრა და მოფარდაგება–თუმცა ისიც თავისებური გენიოსია. ლის ხედვა აქვს, რომელსაც არ ამახინჯებს, თანაც თავისი ენერგიით წარმოაჩენს, რა თქმა უნდა, უფრო ქალურს და ნაზს ხდის, რაც სისუსტეში ნამდვილად არ მდგომარეობს. 
ლის ნამუშევრის ყურება, პიკასოს ნახატის ყურებას ჰგავს. ის უბრალოდ ქსოვილს კი არ ჭრიდა და აერთებდა, არამედ ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა. მისი ნამუშევრები ნამდვილი გრძნობებიდან და ემოციებიდან მომდინარეობს. ლი მგრძნობიარე სული იყო, ძლიერი ბიზნესმენის სხეულში. ნუ დაგვავიწყდება, რომ მოდის მსოფლიო მასშტაბით დაპყრობა ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, ისტ-ენდიდან დაიწყო. ეს ნათელი მაგალითია თუ რა შეუძლია ნიჭიერ და შეუპოვარ ადამიანს. ის ყოველთვის ბევრს შრომობდა, ზოგჯერ თავის თავს ზიანს აყენებდა. როდესაც მისი კომპანია გაიზარდა, ენატრებოდა ხოლმე სტუდიაში ყოფნა და თავის ნამუშევრებთან მარტო დარჩენა.

Alexander McQueen Spring/Summer 2010


ხშირად ვფიქრობ ადრეულ პერიოდზე, დაახლოებით ორი დეკადით ადრე, როდესაც იზაბელამ ლის სანახავად მის ჰოქსტონში მდებარე სტუდიაში მიმიყვანა. ტანსაცმელი გამხადა, მითხრა, რომ აღფრთოვანებული იყო ჩემი ბინძური ლექსიკით და დათანხმდა რომ პაოლო როვერსის პორტრეტისთვის ჩაეცმია ჩემთვის. თავის ჩვენებაზე გამოსვლაც შემომთავაზა. ყველაფერს გავაკეთებდი რასაც მთხოვდა, ოღონდ მასთან ახლოს ვყოფილიყავი. მის მაგნეტიკურ ენერგიას მივაგენი და აღმოვაჩინე რომ ბოროტი იუმორის შეგრძნება ჰქონდა. რამდენიმე წელი დაგვჭირდა, რომ მართლა დავახლოებულიყავით. შევეჩვიე მის მცირე ბინძურ სიცილს. მეგობრული ურთიერთობები მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ისინი სიმართლესა და ერთგულებაზეა დაფუძნებული.
თავის სახლში, იმ კუთხეში, სადაც გვიან ღამით მუშაობდა, ორი სურათი ეკიდა. ერთი იყო იზაბელასი, რომელიც თუ არ ვცდები ირვინ პენის გადაღებული იყო, მეორე კი კრეიგ მაკდინის გადაღებული ჩემი პორტრეტი. ვფიქრობ, ამ გზით გამოხატავდა ლი პატივისცემას იზაბელასადმი და ჩემდამი, როგორც თავისი ორი მუზისადმი. ყოველთვის ამბობდა, რომ მხოლოდ ორი მუზა ჰყავდა, რადგან მესამეს ვერ შეეგუებოდა.

Alexander & Anabelle


ცხოვრება ლის გარეშე, შოკი აღმოჩნდა. ამას მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. მის ცხოვრებაში ყოფნა ჩემთვის დამცავ ბუშტში ყოფნა იყო. მან ყველაფერი მომცა. ერთხელ, დიდი ხნის წინათ მითხრა, რომ მხოლოდ მაშინ გავიგებდი რა არის ცხოვრება, როდესაც წავიდოდა. არ დავუჯერე, თუმცა ახლა ვხვდები თუ რამდენად ნამდვილი იყო ის სიტყვები. ლიმ ძალიან დიდხანს დამტოვა პატარა გოგოდ. 
ლის დაკრძალვა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიგეგმა, ძალიან პატარა და დახურული იყო. თუმცა ვგრძნობდი, რომ სხვა რამეს იმსახურებდა. ვერ ვიტყოდი უფრო დიდსთქო, რადგან შესაბამისი სიტყვები არ არის; უბრალოდ ვიტყვი, რომ მის ცხოვრებას თავისებური სანახაობის მოწყობა სჭირდებოდა. 

Kate Moss, Stella McCartney and Annabelle Neilson at McQueen’s London funeral


შესაძლოა ყველაზე რელიგიური პიროვნება არ ვიყო, თუმცა გასულ ზაფხულს, წმინდა პოლის საკათედრო ტაძარში, ენტონი გორმლის ინსტალაციის, Flare II-ს ნახვა მომინდა. მისვლისას გავაცნობიერე რომ იქ გორმლის ნამუშევრის სანახავად კი არა, ლის მემორიალისთვის კამპანიის ჩასატარებლად ვიყავი. მჯერა, როდესაც ვიღაც კვდება, შეუძლია თავის მერე ენერგია დატოვოს და ეს ენერგია ზოგ ადამიანში უფრო ძლიერია. ვიცოდი, იმ დღეს ლიმ გამგზავნა წმინდა პოლის ტაძარში. 
ტაძარში, კანცლერ Reverend Dr. Giles Fraser-ს შევხვდი და ჩემს მეგობარ ლიზე მოვუყევი, როგორ გამომგზავნა იქ, როგორ მოკვდა და რომელიც ბრიტანეთის იმპერიის ორდერის კომანდირი იყო, როგორ ააღელვა უამრავი ადამიანი და რამდენი რამ მოუტანა თავის სამშობლოს. მითხრა, რომ ღრმად ჩამესუნთქა და შემდეგ ძალიან მოულოდნელი რამ გააკეთა: მთხოვა მემღერა. ჩემს თავს ვუთხარი, თუ ეს საჭიროა, მაშინ გავაკეთებ. ერთადერთი სიმღერა რომელიც ვიცოდი, პეტსი კლაინის “Walkin’ After Midnight” იყო, ასე რომ წმინდა პოლის Whispering Gallery-ში, დავიწყე სიმღერა, “I go out walkin’ / after midnight / in the moonlight. …”
მთლიანი სიმღერა ვიმღერე და შემდეგ მითხრა, რომ წერილი უნდა დამეწერა, რომელსაც სხვა სასულიერო პირებს გადასცემდა. დარწმუნდა იმაში, გავიგე თუ არა ვერაფერს რომ ვერ შემპირდებოდა, თანაც როგორც წესი ეს ტაძარი მსოფლიოს ლიდერებისთვის და სამეფო ოჯახისთვის არის რეზერვირებული, მაგრამ მაინც კარგი განცდა მქონდა. ეს ვარსკვლავებში ვიგრძენი. 
ერთი კვირის შემდეგ მითხრა, რომ ლის მემორიალს დათანხმდნენ. ლის, იმ ოთახში მყოფებისთვის, მათი ცხოვრების შოუები ჰქონდა შეთავაზებული, იმ მომენტში კი ჩვენ ვცდილობდით მისთვის შესაბამისი გამომშვიდობება მოგვეწყო. სერვისი მის მიერ ჩვენთვის წარმოდგენილ ერთგვარ სილამაზეს არ ჩამოუვარდებოდა. ლის ყოველთვის უნდოდა საეკლესიო გუნდს მის რომელიმე შოუზე ემღერა, თუმცა ვერ განახორციელა, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ეს. ლის შექმნილ ფრთებში გამოწყობილმა ბიორკმა შეასრულა სიმღერა და წარმოუდგენლად გამოიყურებოდა.
მის სიკვდილს უამრავი ემოცია მოჰყვა. ზოგი გაბრაზდა, ზოგი დამწუხრდა და ზოგი იმედგაცრუებული დარჩა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ლის მემორიალმა ყველანი დაგვაახლოვა და დაგვადუმა. 
ლის და მე ორივეს გვიყვარდა ედგარ ალან პოს პოემა – „ანაბელ ლი“. მე იმიტომ მიყვარდა, რომ ტრაგიკულ სიყვარულზე იყო, თუმცა ის მაჯავრებდა, თითქოს მხოლოდ მისი სახელის გამო მიყვარდა. (ახლაც კი მაცინებს.) სანამ მოკვდებოდა, მთელი პოემა ჩემთვის, ტანსაცმლის გიგანტურ ნაწილზე, ოქროსფერი ძაფით ამოქარგა, რომელიც ისევ მაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის, რასაც ვფლობ. მისი სიკვდილის შემდეგ ეს პოემა მის დახურულ დაკრძალვაზე წავიკითხე. უკანასკნელი რამ იყო, რაც მას წავუკითხე.”

მაკქუინის სუიციდიდან რვა წლის შემდეგ 2018 წლის ივლისში ანაბელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.