2 კვირაც არ გასულა, რაც ამერიკული ვოგის მაისის ნომერი ვიხილეთ, თუმცა მოდის ბიბლიად წოდებული გამოცემა უკვე ახალ ნომერს გვთავაზობს. ამერიკული ვოგის 128 წლიან ისტორიაში, პირველად, 2 თვე ერთ ნომრად გამოიცა. ამერიკული ვოგი ივნისი/ივლისის ნომრის მთავარი თემაა: „შემოქმედებითობა კრიზისის დროს“. ვოგის გუდნმა ნომერი თვითიზოლაციაში შექმნა. არ მოეწყო მოდური გადაღებები, ედითორიალებად ცნობილი მსახიობების, არტისტების, დიზაინერების, მოდელების სახლებში გადაღებული მასალაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება გარეკანს, ყდაზე დაბეჭდილია ლეგენდარული ირვინ პენის 1970 წელს გადაღებული გამოუქვეყნებელი ვარდის ფოტო. 1967 – 1971 წლებში ირვინ პენმა ყვავილების 9 პორტფოლიო გადაიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების და პენის მოდური კადრების დაკავშირება გაგვიჭირდება, ქონდე ნასტის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, რაულ მარტინეზის თქმით, ყვავილი, უფრო კონკრეტულად ვარდი, იმედის, სილამაზის, გამოღვიძების სიმბოლოა და სწორედ ეს ხდის მას ყდისთვის შესაფერისს.
რედაქტორის წერილში ანა ვინტური მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ნიუ-იორკელი ექიმების ფოტოებს წარგვიდგენს. ითან ჯეიმს გრინმა თანამედროვეობის გმირები, აპრილის დასაწყისში, საავადმყოფოების წინ გადაიღო.
ედითორიალის „შემოქმედებითობა კრიზისის დროს“ სანახავად მიჰყევით ლინკს: Postcards From Home: Creativity in a Time of Crisis/Vogue.com