სპორტული ფეხსაცმელი ქალების გარდერობის მნიშვნელოვანი ნაწილი გასული საუკუნის მიწურულს გახდა, თუმცა 2010-იანი წლებიდან მისი დანიშნულება განსხვავებულად განისაზღვრა.
„ქალები ითხოვენ კომფორტს, რაც გასაგებია. წლების წინ, მე მახსოვს ქალები სამსახურში სნიკერებით მიდიოდნენ, თუმცა როგორც კი ოფისში მივიდოდნენ, ჩანთიდან ქუსლიან ფეხსაცმელს იღებდნენ. დღეს სნიკერები არის ყველგან!“ ეს სიტყვები Vogue -ს ლეგენდარულ მთავარ რედაქტორს, ანა ვინტურს ეკუთვნის და ძალიან კარგად ასახავს რეალობას.
თანამედროვე მსოფლიოში ქალებს აქტიური სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება აქვთ, მათი ყოველდღიურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ რუტინულად განსაზღვრული საქმეებით, ისინი ჩართულნი არიან თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენაში. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, ქამალა ჰარისი აირჩია, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში, უდიდეს როლს შეასრულებს არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის წარმართვაში.

დღეიდან, მომავალი 4 წელი, მოდის პრესა ისაუბრებს არა მხოლოდ ჯილ ბაიდენზე, რომელიც პირველ ლედიდ მოგვევლინება, არამედ ქამალაზე, რომელმაც გზა თეთრ სახლამდე Converse- ს სნიკერით გაიარა.

