ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკელი დიზაინერების ნაწილი, დემოკრატი კანდიდატის გამარჯვების აღსანიშნად, კოლექციას უშვებს. Gabriela Hearst, Aurora James და Thakoon Panichgul, ეს იმ დიზაინერების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც მყიდველებს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მხარდამჭერი სლოგანებით კოლექციები შესთავაზეს.

Biden Inaugural 

ჯერ კვლავ უცნობია, თუ რომელი დიზაინერი იზრუნებს აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის, ქამალა ჰარისის და მომავალი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ჩაცმულობაზე, თუმცა მოდის პრესის გავლენიანი წყაროები უკვე ასახელებენ ბრენდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ინაუგურაციის ცერემონიალში. როგორც მოსალოდნელი იყო, ტრადიცია არც 20 იანვარს დაირღვევა და ყველა მნიშვნელოვან ფიგურას, როგორც ჯო ბაიდენს და ქამალა ჰარისს, აგრეთვე მათ ოჯახის და გუნდის წევრებს, ამერიკელი,ან ამერიკაში დაფუძნებული დიზაინერები შემოსავენ.

მომავალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერის, რალფ ლორენის კოსტიუმში იქნება გამოწყობილი. უნდა გავიხსენოთ, რომ რალფ ლორენმა შემოსა მელანია ტრამპი 2017 წელს და ის ერთადერთი ცნობილი ამერიკელი დიზაინერი იყო, რომელმაც თანხმობა განაცხადა ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.

Credit: Photo by Alex Brandon/AP/REX/Shutterstock

რაც შეეხება 2021 წლის 20 იანვარს, WWD ასახელებს იმ დიზაინერებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, ჩართულნი იქნებიან ჯო ბაიდენის და ქამალა ჰარისის ინაუგურაციაში: Gabriela Hearst, Wes Gordon, Christian Siriano, Prabal Gurung, Oscar de la Renta, Brandon Maxwell. წინასწარი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს შემდეგმა დიზაინერებმა: Joseph Altuzarra, Vera Wang, Tory Burch, Tom Ford, Michael Kors. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ვოგის 2021 წლის თებერვლის ნომრის ციფრულ ყდაზე, ქამალა ჰარისს მაიკლ კორსის სამოსი აცვია. კორსი, როგორც ამერიკული მოდის ინდუსტრიის ლიდერი, ერთ-ერთი რეალური კანდიდატია ინაუგურაციის ლუქის შესაქმნელად.