2 დეკემბერს, ლონდონში, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით, 2024 წლის Fashion Awards გაიმართა, რომელსაც მოდისა და პოპ-კულტურის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. დაჯილდოებაზე “წლის ტოპ მოდელის” ნომინაციაში გამარჯვებულად ალექს კონსანი დასახელდა. ამრიგად, კონსანი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
ალექს კონსანი დაიბადა კალიფორნიაში, 2003 წლის 23 ივლისს. 12 წლის ასაკში კონსანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ტრანსგენდერი გოგო, რომელმაც სამოდელო კონტრაქტო გააფორმა. 2019 წელს, ალექსი კარიერის განსავითარებლად ნიუ-იორკში გადავიდა და იმავე წელს, კონტრაქტი გააფორმა ცნობილ სამოდელო სააგენტო – IMG Models-თან. პოდიუმზე მისი დებიუტი 2021 წელს, ოსკარ დე ლა რენტას კრუიზული კოლექციის ჩვენებაზე შედგა, რის შემდეგაც მისმა კარიერამ დაიწყო წინსვლა, კონსანი გამოჩნდა ტომ ფორდის, ვერსაჩეს, ალექსანდრ მაკქუინის, ბარბერის, ბოსის, რობერტო კავალისა და სხვა ცნობილი მოდის სახლების პოდიუმზე. ალექსმა სახელი გაითქვა თავდაჯერებული და ინდივიდუალური სიარულის მანერით, მისი გამოსვლები ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა, რასაც ახალგაზრდა მოდელის ცნობადობის ზრდა მოჰყვა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, კონსანი ვიხილეთ “ვიქტორია სეკრეტის” პოდიუმზეც. ბრაზილიელ მოდელ ვალენტინა სამპაიოსთან ერთად, ალექსი გახდა პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელმაც Victoria’s Secret -ის პოდიუმზე გაიარა.