ვიქტორია სეკრეტმა ალექსინა გრეემი ანგელოზად გუშინწინ დაასახელა. ბრენდის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ალექსინას წარდგენა, სადაც წერია, რომ ალექსინა ბრიტანელი მოდელია და მისი დებიუტი 2009 წელს ბარბერის სარეკლამო კამპანიაში შედგა. გრეემი ყოფილი ბალერინაა, მოცეკვავის უნარები ეხმარება სამოდელო საქმიანობაშიც. ბრიტანელი მოდელი ბევრი პატივცემული ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვედრილა, მათ შორის არის ვიქტორია სეკრეტის მთავარი ფოტოგრაფი რასელ ჯეიმსიც.
ტოპ მოდელმა ახალ ინტერვიუში ხაზი გაუსვა თმის ფერს, რადგან ვიქტორია სეკრეტის პირველი წითური ანგელოზია. მიუხედავად იმისა, რომ ბარბარა პალვინი პლუს ზომის მოდელის პარამეტრებისგან შორს არის, პალვინის ანგელოზად დამატება ბრენდის მრავალფეროვნების სტრატეგიაა. ალექსინაც მორიგი მრავალფეროვანი ცვლილებაა.ახლა ვიქტორია სეკრეტს ჰყავს პირველი წითური ანგელოზი. (დროა გაიკვირვოთ) ალექსინამაც აღნიშნა, რომ წითური თმის გამო ბავშვობაში დაცინვის სუბიექტი ხშირად ხდებოდა. ეს მიღწევა კი ყველა იმ ადამიანს მიუძღვნა, ვინც დასცინოდა და თავს ცუდად აგრძნობინებდა.
ვიქტორია სეკრეტს ახლა 14 ანგელოზი წარადგენს, რაც საკმაოდ ბევრია. ვრცელდება ჭორები, რომ მომავალ კვირას კიდევ ერთი ახალი ანგელოზი შეიძლება დასახელდეს. თუ მრავალფეროვნების კუთხით ვიფიქრებთ, მესამე ახალი ანგელოზი აფრო-ამერიკელი, ან შავგრემანი გოგონა უნდა იყოს, თუმცა შესაძლებელია ბრენდმა გაყიდვების გაზრდის მოტივით, გულშემატკივრებში პოპულარული და მოდაში ძალიან წარმატებული, გრეის ელიზაბეტი აირჩიოს.
ალექსინა არ არის მხოლოდ პირველი წითური ანგელოზი, ბრიტანელი ასევე პირველი მოდელია, ვინც ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი 29 წლის ასაკში გახდა. ტრადიციულად, 30 წლის შემდეგ, მოდელები ვიქტორია სეკრეტს ტოვებენ, ალექსინა ამ ასაკში იწყებს.
ვრცელდება ჭორები,რომ წელს ბრენდს კიდევ 2 ვეტერანი ანგელოზი გამოაკლდება და სწორედ მათ წასვლას უკავშირდება ახალი ანგელოზების დამატება. ლილი ოლდრიჯი და ბეატი პრინსლო კონტრაქტის გაგრძელებაზე ყოყმანობენ,ამის შესახებ ახალი ანგელოზების დამტკიცებამდეც საუბრობდნენ, თუმცა სიახლეების შემდეგ, ჭორები უფრო სარწმუნო გახდა.