რამდენიმე თვის წინ, მოდელმა ოუენ მუნმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დიზაინერ ალექსანდრ ვენგს სექსუალურ შევიწროვებაში ამხელდა. მოგვიანებით, ჩანაწერი, რომელშიც მუნი 2017 წლის იანვარში მომხდარ ფაქტს იხსენებს, Shit Model Management-მა საკუთარ ინსტაგრამ პროფილზე ატვირთა, რასაც არაერთი ანონიმური წყაროს გამოხმაურება მოჰყვა, რომლებიც ვენგს მსგავს ბრალდებებს უყენებდნენ. მალევე დიზაინერის მიმართ ხმაური გავლენიან პრესაშიც ატყდა. ბუნებრივია, საფრთხე შეექმნა მის კარიერასაც და ჩვენ მისი კარიერის შესაძლო დასასრულის დასაწყისის მოწმეები გავხდით.
დუმილი არ შეუნარჩუნებია თავად ვენგსაც. მან ბრალდებებს “უსაფუძვლო” და “გროტესკულად ყალბი” უწოდა. სანამ მის მიმართ დამატებითი ბრალდებები კიდევ გაისმებოდა, მათთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ისინი ანონიმური წყაროების მიერ ვრცელდებოდა, რომლებსაც თან არავითარი მტკიცებულება ან გადამოწმების შესაძლებლობა არ ახლდათ.
გასული თვეების განმავლობაში, პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია დიზაინერის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების გაჟღერების შესახებ.
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მოდელებმა, რომლებიც ბალენსიაგას ყოფილ შემოქმედებით ხელმძღვანელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ლისა ბლუმი დაიქირავეს, ცნობილი ადვოკატი, რომელიც ჰარვი უაინშტაინის გახმაურებულ საქმეში რამდენიმე მსხვერპლის წარმომადგენელი იყო.
ბლუმის ახალი ტვიტიდან, ალექსანდრ ვენგის საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომლებიც მის დახურვაზე მიანიშნებენ. ადვოკატი წერს:
“ალექსანდრ ვენგს და მის გუნდს შევხვდით. ჩემს კლიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მისთვის თავიანთი სათქმელი ეთქვათ და საკუთარი ტკივილი გამოეხატათ. ჩვენ ვიღებთ ბატონი ვენგის ბოდიშს და წინსვლას განვაგრძობთ. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა კომენტარი არ გვაქვს.”
ამ განცხადებას ინსტაგრამზე ვენგის საპასუხო პოსტიც მოჰყვა, რომელიც შეუსაბამობაში მოდის თავის წინა განცხადებასთან და აღიარებით ჩვენებას უფრო წააგავს. პოსტში ვკითხულობთ:
“ჩემ წინააღმდეგ არაერთმა ინდივიდმა წამოაყენა ბრალდებები, რომლებიც წარსულში ჩემს ქცევას ეხებოდა და ვაღიარებ მათ ამ უფლებას. ყურადღებით მოვუსმინე ამ ადამიანების სათქმელს. მათთვის მარტივი არ ყოფილა ამ ისტორიების გაზიარება და ვნანობ ჩემს ქცევას, რომელიც მათთვის მტკივნეული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერსონალურ ინტერაქციასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებში ვერ შევთანხმდით, უკეთესი მაგალითი ვიქნები და ჩემს ხილვადობას და გავლენას გამოვიყენებ იმისათვის, რათა სხვებმა ზიანის მომტანი ქცევების ამოცნობა შეძლონ. ცხოვრება ხომ სწავლას და ზრდას წარმოადგენს და ახლა, როცა ეს უკეთ ვიცი, მეც უკეთესი გავხდები.”