საერთაშორისოდ აღიარებული ებრაელი დიზაინერის, ალბერ ელბაზის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, AZ Factory -ის წარმომადგენლებმა, სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით, პირველი განცხადება გაავრცელეს.
ცნობილი გახდა, რომ კომპანია, საფრანგეთის მოდის ფედერაციასთან ერთად, ელბაზის მემორიალს პარიზის მოდის კვირეულზე გეგმავს, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კვირეულს, მოდის დედაქალაქი, 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.
გარდა ამისა, იგეგმება ალბერის დიზაინით შექმნილი უკანასკნელი პროდუქტების გაყიდვაში გამოშვება. მაროკოში დაბადებულმა, წარმოშობით ებრაელმა დიზაინერმა აღიარება ფრანგულ მოდის სახლში, Lanvin -ში მოღვაწეობით მოიპოვა. ელბაზი ლანვინს 14 წლის გავნმავლობაში ხელმძღვანელობდა, AZ Factory კი, მისი ახალი წამოწყება იყო, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე წარადგინა.
ლანვინისგან განსხვავებით, AZ Factory თავისუფალი იყო ინდუსტრიის დოგმებისგან, მას დიზაინერი თავის „ოცნების ქარხანას“ უწოდებდა, სადაც კოლექციები არა მკაცრად გაწერილი სეზონების და მოდის კალენდრის მიხედვით, არამედ ალბერის ისტორიების გათვალისწინებით იქმნებოდა. ბრენდის ცნობით, ბოლო ორ დიზაინს, რომელზეც ალბერმა იმუშავა: ‘SuperTech-SuperChic’ და ‘Free To’ ჰქვია. პირველი (SuperTech-SuperChic) გაყიდვაში 12 ივნისს, ელბაზის დაბადების დღეზე გამოვა, მეორე (Free To) – მოგვიანებით, შემოდგომაზე. ალბერ ელბაზი 2021 წლის 24 აპრილს კორონავირუსით გარდაიცვალა.