Stan Smith 74 წლის გახდა. საუბარია პიროვნებაზე, რომელიც ჩოგბურთის ყოფილი მოთამაშეა და არა ფეხსაცმელზე.

Adidas – ის ამავე სახელწოდების საკულტო მოდელი ჩვენ ყველაზე გვინახავს. გავიხსენოთ ფიბი ფაილო სელინის 2015 წლის ჩვენების ბოლოს და მარკ ჯეიკობსის არაერთი გამოჩენა ამ კედებით. ფეხსაცმლის სხვადასხვა ვერსიის შექმნაზე არაერთ დიზაინერს უმუშავია, მათ შორის: იოჯი იამამოტოს და რაფ სიმონსს. ალბათ, სტელა მაკარტნის ვეგანური სტენ სმიტიც მოგაგონდათ.





ჩვენ Stan Smith – ს ვიცნობთ, როგორც ფეხსაცმელს. რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით თავად სტენ სმიტი?
„ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თუ ვინ ვარ. მაგრამ მათ ფეხსაცმლის სახელი იციან.“
– სტენ სმიტი, ადამიანი.
სტენი წარსულში N1 ჩოგბურთელი იყო, სწორედ მისი აღსანიშნავი მიღწევების გამო უწოდა ადიდასმა თავის tennis sneakers – ს მისი სახელი.

წელს ადიდასს ამ პროდუქტთან დაკავშირებით ახალი მდგრადი გეგმები აქვს. მის შესაქმნელად კომპანია გადამუშავებულ მასალებს გამოიყენებს და როგორც ადიდასის საიტზე ვკითხულობთ, 2024 წლისთვის ბრენდის პროდუქცია 100% გადამუშავებული პოლიესტერისგან დამზადდება.
საიუბილეო თარიღთან და ადიდასის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, Dazed სტენ სმიტთან ჩაწერილ ახალ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ის საკუთარ თავზე, თავისი სახელობის ფეხსაცმელზე და მის განვითარებაზე ლაპარაკობს;

მდგრადი მომავალი
„საინტერესოა ფეხსაცმლის განვითარება და მაღალი დონის გადამუშავებული მასალების გამოყენების დაწყება. ამაღელვებელია იმის ყურება თუ როგორ უკვალავს ეს ფეხსაცმელი ადიდასს ახალ გზას, სადამდეც მათი მთელი ფილოსოფია მიდის. ეს არ შეეხება მხოლოდ სტენ სმიტს, არამედ ყველა პროდუქტს, რომელიც შეიქმნება.“
ფეხსაცმლის მიმართ არსებული დამოკიდებულება
„ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თუ ვინ ვარ. მაგრამ ფეხსაცმლის სახელი იციან. და ეს მშვენიერია. შესანიშნავია დედა-შვილის ერთი ფეხსაცმლით დანახვა, რადგან ბევრი გოგო არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვამს იმას, რაც დედამისს აცვია. ჩემს შემთხვევას მაგონებს, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქალიშვილიც უსმენდა The Beach Boys – ს. The Beach Boys – ს მოზარდობის პერიოდში ვუსმენდი, ერთი წლის წინ კი აღმოვაჩინე, რომ ჩემს შვილსაც იგივე მუსიკა მოსწონს, რაც მე მომწონდა მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა თაობას წარმოვადგენთ. ეს ფეხსაცმელი ერთგვარი ხიდია თაობებს შორის. მიყვარს, როცა წყვილებს, რომლებსაც ბავშვი უჩნდებათ, საბავშვო ფეხსაცმელს ვჩუქნი. მერე ვხედავ ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებსაც ეს ფეხსაცმელი აცვიათ. მას სხვადასხვა ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, ინტერესების ადამიანები იცვამენ. რატომღაც ძალიან ბევრი განსხვავებული ტიპის ადამიანი ირჩევს მას. ეს მართლაც საინტერესოა.“

სტენმა ასევე გაამჟღავნა, რომ ახალ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელსაც თავისი წიგნის, Stan Smith: Some People Think I’m A Shoe – ს მიხედვით გადაიღებენ.
„მათ ნახეს ეს წიგნი, მოეწონათ და მოისურვეს, ჩემი კარიერის შესახებ რაღაც გაეკეთებინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ფეხსაცმელი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია, ამიტომ აქცენტს ამ ფეხსაცმელზეც ისევე გააკეთებენ, როგორც ჩემს ცხოვრებაზე.“
შეკითხვაზე, „აცვია თუ არა თავად სტენ სმიტები ყოველდღე,“ პასუხობს:
„ძალიან ხშირად. სხვა რამე რატომ უნდა ჩავიცვა?“