კორონავირუსთან თანაცხოვრებას ვსწავლობთ, თუმცა რაც დრო გადის, პანდემიის შედეგები ჩვენს ყოველდღიურობას უფრო ძლიერ ეტყობა. თითქმის ყველა სფერო კრიზისის წინაშეა. გავლენიანი ინდუსტრიების ლიდერები გაყიდვების კლებაზე, შემცირებულ სამუშაო ადგილებზე და პატარა ბიზნესების დახურვაზე საუბრობენ. გამონაკლისი არ არის მოდის და სილამაზის ინდუსტრია.
მაიკლ კორსის და ვერსაჩეს მფლობელმა კომპანიამ, Capri Holdings – მა 2020 წლის პირველი მეოთხედის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
ცნობილი ხდება, რომ პანდემიამ, იზოლაციამ, მაღაზიების დახურვამ კაპრის შემოსავლების 70% – ით კლება გამოიწვია. კომპანია უახლოეს მომავალში, დროებით, 170 მაღაზიის დახურვას გეგმავს. მეტწილად, საუბარია, კაპრისთვის კომერციულად ყველაზე წარმატებული ბრენდის, Micheal Kors – ის მაღაზიებზე. მიზანი ონლაინ გაყიდვების განვითარებაა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ვაქცინის შექმნამდე და შეზღუდვების სრულად მოხსნამდე, მყიდველები ჩვეული აქტივობით მაღაზიებში სიარულს ვერ შეძლებენ.
Harrods სამუშაო ადგილების 14% – ით შემცირებას აპირებს.
საკულტო ბრიტანული მაღაზია 700 სამუშაო ადგილის გაუქმებას აანონსებს. პანდემიით გამოწვეული პოსტ-კრიზისული პერიოდი სავაჭრო სეგმენტისთვის რთული და გამოწვევებით დატვირთული იქნება.
ჰაროდსის აღმასრულებლების თქმით, სოციალური დისტანციის და სხვა რეკომენდაციების დაცვა, საზღვრების ჩაკეტვა და ტურისტების ნაკლებობა მაღაზიას მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მიაყენებს, რაც გამოიწვევს არსებული 4800 სამუშაო ადგილის შემცირებას.
Gucci საბითუმო ვაჭრობის პარტნიორების რიცხვს საგრძნობლად ამცირებს.
ფრანგული კონგლომერატის, ქერინგის გიგანტი იტალიური ბრენდი, გუჩი კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, საბითუმო ვაჭრობის პარტნიორებს 70% – ით ამცირებს. გუჩი 110 პარტნიორიდან მხოლოდ 38 – თან გააგრძელებს თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ 110 პარტნიორისგან მიღებული გაყიდვები, გუჩის მთლიანი შემოსავლის 15% წარმოადგენს.
სიახლე იტალიურმა fashionmagazine – მ გაავრცელა. ბრენდის გენერალურ დირექტორს, მარკო ბიზარის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
LVMH – ის გაყიდვებმა 15% – ით იკლო.
მოდის ყველაზე მსხვილი კონგლომერატი, რომლის პორტფოლიოში 50-ზე მეტი ბრენდი ერთიანდება, პანდემიას შედარებით კარგად უმკლავდება. LVMH – ის მფლობელის, ბერნარ არნოს განცხადებით, 2020 წლის პირველ მეოთხედში, კორონავირუსით გამოწვეულმა ზარალმა შემოსავლების 15%-იანი კლება განაპირობა. LVMH – ში ელიან, რომ ბრენდები ჩვეულ მდგომარეობას ივნისი – ივლისის თვეებიდან დაუბრუნდებიან.
არნომ უახლეს შენაძენზე, Tiffany & Co. – ზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა კონგლომერატის საბჭოს წევრმა, ანტონიო ბელონიმ ჟურნალისტების კითხვაზე, კვლავ კმაყოფილები არიან, თუ არა 16.2 მილიარდიანი შენაძენით, უპასუხა:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ Tiffany & Co სამკაულების საკულტო ბრენდია და მას ჩვენს ბრენდებში საპატიო ადგილი უჭირავს“.
Victoria’s Secret – მა ჰონგ-კონგში მთავარი მაღაზია დახურა.
ამერიკული საცვლების ცნობილმა ბრენდმა ჰონგ-კონგის ყველაზე ძვირადღირებული რაიონი, Causeway Bay დატოვა. ოთხშაბათს მყიდველებს მაღაზიის შესასვლელთან შეტყობინება დახვდათ:
„სინანულით გატყობინებთ, რომ ჩვენი მაღაზია დაიხურა. კოლექციების შეძენა შესაძლებელბია ონლაინ ჩვენს საერთაშორისო საიტზე“.
ვიქტორია სეკრეტის გადაწყვეტილების მიზეზი საზღვრების ჩაკეტვა და შემცირებული ტურიზმია. მაღაზიას შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტურისტებისგან ჰქონდა.